მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ეტაპზეა არმატურისა და გლინულას იმპორტის შესაძლო დემპინგზე კვლევა? - ირაკლი ლექვინაძე

ლექვინაძე

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ანტიდემპინგის კუთხით ერთ მოკვლევას აწარმოებს, - ამის შესახებ სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გამართულ მომხმარებელთა დაცვის III საერთაშორისო კვირეულზე მედიასთან განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამ დრომდე არმატურის და გლინულას შესაძლო დემპინგურ იმპორტზე კვლევა მიმდინარეობს, რაზედაც გარკვეული შუალედური სურათი უკვე არსებობს, ამასთან ფიქსირდება ფასთა შორის სხვაობები. კერძოდ, რუსეთიდან დაახლოებით 7-8%-ის ფარგლებში, ხოლო ირანიდან 20-24%-ის ფარგლებში.

„ჯერჯერობით ეს შესწავლა მიმდინარეა და რაიმე კონკრეტული რეკომენდაცია ჩვენი მხრიდან მთავრობის კუთხით არ არის. თუმცა თქვენთვის ცნობილია, რომ გასული წლის ბოლოს იქნა გადაწყვეტილება ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვის თვალსაზრისით მიღებული, დამცავი ღონისძიების შესახებ და გარკვეული სატარიფო კომპონენტი იქნა შემოღებული რამდენიმე ქვეყანაზე. ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება გახდეს ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ადგილობრივი ინდუსტრიის მდგომარეობას გააუმჯობესებს.

ბოლო წლებში ადგილი ჰქონდა ადგილობრივი ინდუსტრიის როგორც რაოდენობრივ, ასევე ღირებულებით მაჩვენებლებში გარკვეული წარმოების მაჩვენებლების შემცირებას, რაც ჩვენმა კვლევამაც აჩვენა. ამიტომ, საბოლოო გადაწყვეტილებამდე დრო ჯერ კიდევ გვაქვს. პროცესი განგრძობითად გრძელდება. გასული წლის სურათი გვაქვს. ალბათ, მიმდინარე წლის 6-თვიან პერიოდშიც შევხედავთ და თუ იქნება საჭირო რეკომენდაცია მთავრობის მიმართ ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ, ჩვენ ამ რეკომენდაციას გავცემთ“, - ამბობს ლექვინაძე.

რაც შეეხება მეორე თემას, რომელიც უფრო ფართო კვლევას და ადგილობრივი ინდუსტრიის იდენტიფიცირებას გულისხმობს, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მედიასთან ამბობს, რომ სადაც შეიძლება დემპინგისგან რისკფაქტორები არსებობდეს ადგილობრივი ინდუსტრიების კუთხით, კვლევის შედეგად პრაქტიკული სურათი არსებობს, თუმცა ამ დროისათვის შიდა პროცესები მიმდინარეობს. კვლევის დამუშავების შედეგად, შედეგების გასაჯაროება მოხდება.

„ჩვენ თავიდან [მოკვლევა] 10 სექტორით დავიწყეთ, თუმცა გარკვეული რისკების გათვალისწინებით შეიძლება შემცირდეს ადგილობრივი ინდუსტრიების გათვალისწინებით“, - ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები