არმატურის იმპორტი დაიბეგრება და 1 ტონაზე ტარიფი 420 ლარით განისაზღვრა. შესაბამის ცვლილებას საქართველოს მთავრობის №494-ე დადგენილება ითვალისწინებს, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრით თარიღდება.
როგორც matsne.gov.ge-ზე გამოქვეყნებულ დადგენილებაში წერია, დადგენილება 2025 წლის 25 იანვარს ამოქმედდება და ძალაში 2025 წლის 1 სექტემბრამდე იქნება.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ III, 33, 31/03/2010, მუხლი 538) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 156-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 156¹ გრაფა:
156¹ გრაფა:
სეს ესნ-ის 7214 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული არმატურის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმება (გარდა არმატურაზე გაცემული პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის ან წარმოშობის დეკლარაციის საფუძველზე საგადასახადო შეღავათის გამოყენების შემთხვევისა) 1 ტონა - 420 ლარი" - ნათქვამია matsne.gov.ge-ზე გამოქვეყნებულ დადგენილებაში.
2024 წელს საქართველოში არმატურის იმპორტი 67.1%-ით გაიზარდა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის 11 თვის ანგარიშის მიხედვით, გასული წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში სულ 200.4 მილიონი დოლარის ღირებულების 351 671 ტონა არმატურა შემოვიდა. ამასთან, შემცირებულია იმპორტის საშუალო ფასიც, რაც წელს ტონაზე 570 დოლარს შეადგენს, შედარებისთვის 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტის საშუალო ღირებულება 600 დოლარი იყო.
სტატისტიკის თანახმად, 2024 წელს საქართველო არმატურას ძირითადად რუსეთიდან და ირანიდან ყიდულობდა. აქედან, რუსული არმატურის იმპორტი 2024-ში 112%-ით, 104.1 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, ირანიდან კი არმატურის იმპორტი 136%-ით, 80.1 მილიონ დოლარამდე იყო მომატებული. ორივე ქვეყნიდან იმპორტის ზრდა, სავარაუდოდ, დაკავშირებულია შესასყიდი ფასის კლებასთან. თუკი 2023 წელს რუსული არმატურის ფასი 591 დოლარი იყო, წელს ის 586 დოლარი ღირს, ხოლო ირანული არმატურის იმპორტის ფასი ტონაზე 576 დოლარიდან 547 დოლარამდე შემცირდა.
გასულ წელს მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებდნენ, რომ ბაზარზე დემპინგურ იმპორტთან დაკავშირებით ვითარება სულ უფრო უარესდებოდა, რის გამოც არმატურის ორი მსხვილი მწარმოებელი ადგილობრივი კომპანია ამ ეტაპზე განახევრებული წარმადობით მუშაობს.
მარიანა მორგოშია bmg-თან აცხადებდა, რომ რუსეთიდან და ირანიდან შემოტანილ არმატურას იმპორტიორები ადგილობრივ პროდუქციაზე 10-20 დოლარით იაფად ყიდიან და ამ პირობებში, იმპორტირებულ პროდუქციასთან კონკურენციის გაწევა შეუძლებელი იყო.
ცნობისთვის, კონკურენციის სააგენტომ არმატურის შესაძლო დემპინგურ იმპორტთან დაკავშირებით მოკვლევა საქართველოს მწარმოებელთა ასოციაციის მიმართვის საფუძველზე გასული წლის ივნისში დაიწყო. სააგენტოს საბოლოო დასკვნის წარსადგენად ერთწლიანი ვადა აქვს.




























