მწარმოებელთა ასოციაციაში ელიან, რომ კონკურენციის სააგენტო არმატურის შესაძლო დემპინგურ იმპორტთან დაკავშირებით შუალედურ დასკვნას ნოემბრის ბოლოს მოამზადებს.
როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, ბაზარზე დემპინგურ იმპორტთან დაკავშირებით ვითარება სულ უფრო უარესდება, რის გამოც არმატურის ორი მსხვილი მწარმოებელი ადგილობრივი კომპანია ამ ეტაპზე განახევრებული წარმადობით მუშაობს.
მარიანა მორგოშიას განცხადებით, რუსეთიდან და ირანიდან შემოტანილ არმატურას იმპორტიორები ადგილობრივ პროდუქციაზე 10-20 დოლარით იაფად ყიდიან და ამ პირობებში, იმპორტირებულ პროდუქციასთან კონკურენციის გაწევა შეუძლებელია.
“დემპინგის დეფინიციაა, საექსპორტო ბაზარზე პროდუქციის იმაზე დაბალ ფასად გაყიდვა, ვიდრე ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. საქართველოში არმატურა ირანიდან და რუსეთიდან შემოდის, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ორივე ბაზარზე მოვიკვლიეთ ფასები და დავაიდენტიფიცირეთ, რომ ადგილობრივ ბაზარზე არმატურა იმაზე ძვირად იყიდება, ვიდრე იმპორტიორები საქართველოში ყიდიან. რაც შეეხება ადგილობრივი წარმოებისთვის მიყენებულ ზიანს, ჩვენი წევრი კომპანიები, ორი უმსხვილესი საწარმო განახევრებული წარმადობით მუშაობს, იმიტომ რომ ვერ მიყვებიან კონკურენციაში იმპორტირებულ პროდუქციას. იქიდან გამომდინარე, რომ სახეზე გვაქვს მწარმოებელი ქვეყნების გადავსებული მარაგების ექსპორტი. მათ არ აქვთ ქვედა ზღვარი და შეუძლიათ, ნებისმიერ ნიშნულამდე დააგდონ ფასი. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ჩვენი შეფასებით, ნამდვილად აქვს დემპინგს ადგილი და ჩვენ ვთვლით, რომ კონკურენციის სააგენტო მოკვლევის პროცესში ამას აუცილებლად დაადგენს”, - განაცხადა მარიანა მორგოშიამ.
ცნობისთვის, კონკურენციის სააგენტომ არმატურის შესაძლო დემპინგურ იმპორტთან დაკავშირებით მოკვლევა საქართველოს მწარმოებელთა ასოციაციის მიმართვის საფუძველზე მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო. სააგენტოს საბოლოო დასკვნის წარსადგენად ერთწლიანი ვადა აქვს.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოში არმატურის იმპორტი 75%-ით გაიზარდა. წელს საქართველოში სულ 170 მილიონი დოლარის ღირებულების 297 ათასი ტონა არმატურა შემოვიდა. საქართველო არმატურას ძირითადად რუსეთიდან და ირანიდან ყიდულობს.