მეტალურგიული დარგისთვის ენერგეტიკულ ბირჟაზე სავალდებულო წესით ვაჭრობა მნიშვნელოვან გამოწვევებთან იქნება დაკავშირებული - ამის შესახებ მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ.
როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა, მარიანა მორგოშიამ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, სატესტო რეჟიმმა აჩვენა, რომ ამ სექტორის საწარმოებისთვის წინასწარ, საათობრივ რეჟიმში ელექტროენერგიის მოხმარების პროგნოზირება შეუძლებელია.
ამიტომ მოლოდინია, რომ მომავალ წელს ბირჟაზე სავალდებულო რეჟიმში გასვლის შემთხვევაში, მეტალურგიის დარგის საწარმოებს ელექტროენერგია გაუძვირდებათ, რაც საბოლოოდ მათ მიერ წარმოებულ პროდუქციასაც გააძვირებს.
ასოციაციაში აცხადებენ, რომ ამჟამად მთავრობასთან კონსულტაციები მიმდინარეობს, რომ ამ ინდუსტრიისთვის მომავალი წლიდან ენერგეტიკულ ბირჟაზე სავალდებულო ვაჭრობასთან დაკავშირებით გარკვეული გამონაკლისები დაწესდეს.
"ენერგეტიკულ ბირჟაზე სავალდებულო წესით ვაჭრობა მომავალ წლამდე გადავადდა, თუმცა მეტალურგებს ამასთან მიმართებაში განსაკუთრებული გამოწვევები და პრობლემები ჰქონდათ, რადგან მათი სპეციფიკის გათვალისწინებით წინასწარ საათობრივად, მოხმარების გათვლა, პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს ვნახეთ ჩვენ სატესტო პროცესში ჩართვით და ფაქტობრივად, მათ ელექტროენერგია ძალიან გაუძვირდებათ, რადგან შემდეგ დაბალანსების ტარიფის გადახდა მოუწევთ საათის ჭრილში ნებისმიერ არასწორ მოხმარებაზე. ჩვენი წინასწარი გათვლებით, ამას საბოლოო პროდუქციის ფასზე მნიშვნელოვანი ასახვა ექნება, რადგან ელექტროენერგიის წილი საბოლოო ღირებულებაში მნიშვნელოვანი კომპონენტია.
იმასთან ერთად, რომ გადავადებას ვითხოვდით, თუკი მაინცდამაინც სავალდებულო რეჟიმში მოხდება ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება, ვითხოვდით, რომ მეტალურგიის დარგისთვის გარკვეული გამონაკლისი ყოფილიყო. ამაზე კვლავ მიდის საუბარი, თუმცა რაიმე ტიპის გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით მიღებული არაა" , - განაცხადა მარიანა მორგოშიამ.
ცნობისთვის, 6-ჯერ გადავადების შემდეგ, საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა მიმდინარე წლის პირველ ივლისს ამოქმედდა, რომელიც დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებას შეზღუდულ და ნებაყოფლობით რეჟიმში ითვალისწინებს, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულება 2025 წლის პირველი ივლისიდან უნდა ამოქმედდეს.