მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“უბალანსობის შემთხვევაში მზის და ქარის ელექტროსადგურებისთვის შეღავათებზე ვმუშაობთ”-სსე

63ff53b0d18fd
ანუკა ჯოხაძე
04.03.23 00:35
1279
საქართველო ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების მოლოდინშია. მზადება ელექტროენერგიის დღიური ბაზრის გაშვებისათვის აქტიურად მიმდინარეობს, რისთვისაც ბაზრის მონაწილეებმა სიმულაციურ რეჟიმში ივაჭრეს. სწორედ 6-12 თებერვალს გამართული ვაჭრობის შედეგები განიხილეს დღეს სემეკში.

როგორც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია ამბობს, კომპანიების უმრავლესობა სიმულაციური რეჟიმში ვაჭრობის პროცესში ჩაერთო, თუმცა იყვნენ ბაზრის მონაწილეები, რომლებმაც პროცესს თავი აარიდეს და სემეკისგან გაფრთხილება მიიღეს.

ერთ-ერთი პრობლემა, რის გამო ენერგეტიკული ბირჟის გადავადება რამდენჯერმე მოხდა და რაზე მათ შორის სიმულაციური ვაჭრობის პერიოდში მხარეები საუბრობდნენ უბალანსობა იყო.

რას ნიშნავს უბალანსობასთან დაკავშირებით გენერაციის ობიექტების პრობლემები? - აქ ის იგულისხმება, რომ თუ ელექტროსადგურმა გამოიმუშავა და სისტემას მიაწოდა ბირჟაზე და ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში გაყიდულ ელექტროენერგიაზე ნაკლები რაოდენობა, ეს სხვაობა ელექტროსისტემამ სარეზერვო სიმძლავრეების გააქტიურებით უნდა შეავსოს და ამ ელექტროენერგიის თანხა, სწორედ იმ სადგურმა უნდა გადაიხადოს, რომელიც პასუხისმგებელი იყო კონკრეტული სიმძლავრის მიწოდებაზე, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. როგორც ირინა მილორავა აცხადებს, ამ პასუხისმგებლობისგან შესაძლოა, გარკვეული გენერაციის ობიექტები, როგორიც მზისა და ქარის, ასევე მცირე სადგურებია, მთავრობამ, დროებით გაათავისუფლოს, თუმცა ლიმიტების ფარგლებში.

როგორც დღეს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ორგანიზებული ბაზრების განვითარების და ელექტროენერგიის აღრიცხვის საკითხებში ზვიად გაჩეჩილაძე ამბობს, უბალანსობის პრობლემა განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის გენერაციის ობიექტებს აწუხებთ, რომელთათვისაც უბალანსობის შემთხვევაში შესაძლო შეღავათებზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს მსჯელობა. გაჩეჩილაძე ზუსტ საშეღავათო პირობებზე ვერ საუბრობს, თუმცა bm.ge-თან რამდენიმე შესაძლო ვარიანტს ასახელებს.

“მზისა და ქარის ელექტროსადგურებს ხშირად არ შეუძლიათ რომ დღის ადრე დააპროგნოზონ სწორად უბალანსობები. აქ ვმუშაობთ, ახლა გარკვეულ ცვლილებებზე რაც ამ ტიპის გენერაციის ობიექტებს მისცემს საშუალებას რომ გარკვეული პერიოდი ადვილად შეეგუონ ახალ ბაზარს, შეეხოთ მათ გარკვეულწილად შემსუბუქება, შეღავათები.

ეს შეიძლება იყოს დაფუძნებული ტექნოლოგიებზე, სხვადასხვა ტექნოლოგიებს შეიძლება სხვადასხვა გვარად მივუდგეთ. ეს შეიძლება იყოს სრული ან ნაწილობრივი. დღეს გამიჭირდება კონკრეტული პროცენტული მაჩვენებლის ან ციფრის თქმა, მაგრამ გადაწყვეტილება იქნება მიღებული ღრმა ანალიზის საფუძველზე.”-აცხადებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ორგანიზებული ბაზრების განვითარების და ელექტროენერგიის აღრიცხვის საკითხებში ზვიად გაჩეჩილაძე.

ცნობისთვის, ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება საქართველოში რამდენჯერმე გადავადდა. თავდაპირველად ენერგეტიკული ბირჟას სრულფასოვანი ფუნქციონირება 2021 წლის 1 ივლისს უნდა დაეწყო. ის ჯერ 2022 წლის 1 იანვრამდე, შემდეგ კი 1 მარტამდე გადაიდო, თუმცა არც 1 მარტს ამოქმედებულა. ბოლოს რეფორმის დაწყება 2022 წლის სექტემბერში იგეგმებოდა, თუმცა, ბოლო ცვლილების მიხედვით, ის კიდევ ერთხელ გადავადდა და 2023 წლის1 აპრილს უნდა ამოქმედდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები