მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების შემდეგ ფასების არსებით ზრდას არ ველოდებით”- ნარმანია

63ff52d712b56
ანუკა ჯოხაძე
01.03.23 23:55
858
საქართველო ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების მოლოდინშია. მზადება ელექტროენერგიის დღიური ბაზრის გაშვებისათვის აქტიურად მიმდინარეობს, რისთვისაც ბაზრის მონაწილეებმა სიმულაციურ რეჟიმში ივაჭრეს. სწორედ 6-12 თებერვალს გამართული ვაჭრობის შედეგები განიხილეს დღეს სემეკში.

როგორც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია ამბობს, კომპანიების უმრავლესობა სიმულაციური რეჟიმში ვაჭრობის პროცესში ჩაერთო, თუმცა იყვნენ ბაზრის მონაწილეები, რომლებმაც პროცესს თავი აარიდეს და სემეკისგან გაფრთხილება მიიღეს. როგორც ის ამბობს, სიმულაციური ვაჭრობის შედეგების მიხედვით, ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების შემდეგ ფასის საგრძნობლად ზრდის მოლოდინი არ აქვს.

“ვაჭრობა მიმდინარეობდა ზამთრის პერიოდში, როცა ჩვენი სისტემა დეფიციტურია და გარდა ამისა მოიხმარს შედარებით უფრო ძვირადღირებულ ენერგიის წყაროებს. ეტაპობრივად რაც უფრო წყალუხვობა იქნება და მეტი იაფი ენერგიის წყარო ჩაერთვება ვაჭრობაში ენერგიის ფასი უფრო მეტად შემცირდება. ბაზრის გახსნის შემდეგ რაიმე სახის ფასების არსებით ზრდას ამ გადმოსახედიდან არ ველოდებით,”- აცხადებს სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ორგანიზებული ბაზრების განვითარების და ელექტროენერგიის აღრიცხვის საკითხებში ზვიად გაჩეჩილაძე ამბობს, რომ სიმულაციური ვაჭრობა ფასების ნაწილში ზუსტი პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა, თუმცა სიმულაციური ვაჭრობის შედეგად დადგენილი ფასი არსებულისგან საგრძნობლად არ განსხვავდებოდა.

“სიმულაციური ვაჭრობა აბსოლუტურად 100%-იან შედეგს ვერ მოგვცემს, რადგანაც რეალურად ბაზრის გაშვების შემდეგ იქნება შესაძლებელი გავიგოთ თუ ზუსტად რა ფასები ჩამოყალიბდება, თუმცა სიმულაციური ფასი გვაძლევს ინდიკაციას დაახლოებით რას უნდა ველოდოთ. ეს შედეგები შევაფასეთ და არ არის მნიშვნელოვნად განსხვავებული იმ არსებული სიტუაციისგან, იმ არსებული ფასებისგან რაც ახლა არის,”- ამბობს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ორგანიზებული ბაზრების განვითარების და ელექტროენერგიის აღრიცხვის საკითხებში ზვიად გაჩეჩილაძე

ცნობისთვის, ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება საქართველოში რამდენჯერმე გადავადდა. თავდაპირველად ენერგეტიკული ბირჟას სრულფასოვანი ფუნქციონირება 2021 წლის 1 ივლისს უნდა დაეწყო. ის ჯერ 2022 წლის 1 იანვრამდე, შემდეგ კი 1 მარტამდე გადაიდო, თუმცა არც 1 მარტს ამოქმედებულა. ბოლოს რეფორმის დაწყება 2022 წლის სექტემბერში იგეგმებოდა, თუმცა, ბოლო ცვლილების მიხედვით, ის კიდევ ერთხელ გადავადდა და 2023 წლის1 აპრილს უნდა ამოქმედდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები