მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტომ ირანიდან და რუსეთიდან არმატურის სავარაუდო დემპინგური იმპორტის შესწავლა დაიწყო

არმატურა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), „საქართველოს მწარმოებელთა ასოციაციის“ განცხადება დასაშვებად ცნო და ანტიდემპინგური შესწავლის დაიწყო.

სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხება - საქართველოში რუსეთის ფედერაციაში და ირანში წარმოშობილი ფოლადისგან წარმოებული არმატურისა და გლინულის სავარაუდო დემპინგურ იმპორტს, რომელიც შესაძლოა საქართველოს ადგილობრივ ინდუსტრიას ზიანს აყენებდეს.

GCCA-ს მიერ დამუშავებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ გათვალისწინებულ პერიოდში ირანიდან და რუსეთიდან პროდუქციის იმპორტის, როგორც რაოდენობრივი, ასევე ღირებულებითი მოცულობა მზარდი ტრენდით ხასიათდება. სააგენტო აღნიშნავს, რომ მზარდი იმპორტის პარალელურად, პროდუქციის ერთეულის ფასი კლებადია.

"განცხადების დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე, ირანიდან იმპორტირებული პროდუქტის სავარაუდო დემპინგური ზღვარი 21%-ით, ხოლო რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქტის სავარაუდო დემპინგური ზღვარი 5%-ით განისაზღვრა.

2021-2023 წლების პერიოდში, საქართველოს მთლიან იმპორტში რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქტის წილი 4%-დან 42%-მდე, ხოლო ირანის შემთხვევაში, 12%-დან 30%-მდე არის გაზრდილი. ერთეულის ფასი (აშშ დოლარი/ტონა) ირანიდან იმპორტის შემთხვევაში თანაბრად კლებადია, ხოლო რუსეთის შემთხვევაში 2022 წელს 2021 წელთან შედარებით მზარდია, 2023 წელს კი 2022 და 2021 წელთან შედარებით - კლებადი.

2023 წელს, ირანიდან იმპორტირებული არმატურა შეადგენდა 60,291 ტონას, 34.6 მლნ აშშ დოლარს, ხოლო 1 ტონა არმატურის საშუალო შეწონილი ფასი 574 აშშ დოლარს. რუსეთიდან იმპორტირებული შეადგენდა 86,117 ტონას, 50.5 მლნ აშშ დოლარს, ხოლო 1 ტონა არმატურის საშუალო შეწონილი ფასი 586 აშშ დოლარს. GCCA-ს, საკითხის შესწავლის ფარგლებში, მთავრობისთვის შესაბამისი დასკვნის წარდგენისთვის 12 თვე აქვს, ეს ვადა შეიძლება 6 თვით გაგრძელდეს", - აღნიშნულია GCCA-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დემპინგის დადგენის და ადგილობრივი ინდუსტრიისთვის ზიანის დადასტურების შემთხვევაში GCCA-ს დასკვნის საფუძველზე მთავრობას შეუძლია შემოიღოს სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფი 5 წლის ვადით.

ინფორმაციისთვის, ანტიდემპინგური ღონისძიებების მიმართულებით, სააგენტომ დაასრულა 2 საქმე - სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ფილტრიანი სიგარეტების სავარაუდო დემპინგური ფასის შესახებ და 3 ადგილობრივი ინდუსტრიის სექტორული მონიტორინგი - სასურსათო, სასუქების და სამშენებლო სექტორში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები