მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა ბათუმის ხელოვნური კუნძულის პროექტი?

1235678910111213

ბათუმის ხელოვნური კუნძულის საპროექტო სამუშაოები, როგორც კონსტრუქციული, ასევე საინჟინრო მიმართულებით დასრულებულია, ასევე, დასრულებულია განაშენიანების გეგმაც და პირველი შენობა-ნაგებობის პროექტიც, რომელიც კუნძულზე უნდა აშენდეს. ამის შესახებ გადაცემა „საქმიან დილაში“ "ამბასადორი ჯგუფის" იურისტმა, გოჩა კამკიამ ისაუბრა.

შეგახსენებთ, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ზაფხულში „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ხელოვნური კუნძულის მოწყობასთან დაკავშირებული განცხადების განხილვის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო და კომპანიას დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვა. როგორც კომპანიის იურისტმა განმარტა, სახელმწიფოს მხრიდან მოთხოვნა მარტივად შესასრულებელი იყო და კომპანიამ სააგენტოს შესაბამისი დოკუმენტაცია მალევე - 7 დღეში წარუდგინა. ახლა კი უკვე საბოლოო დოკუმენტაცია მზადდება, რომელიც უახლოეს პერიოდში გადაეცემა შესაბამის უწყებებს.

„13 ივლისს ბათუმის მერიაში პირველი საჯარო მოსმენა გაიმართა, სადაც დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მიღების და აზრის გამოთქმის საშუალება ჰქონდათ. 18 აგვისტოს კი უკვე სკოპინგის ანგარიში გამოიცა, სადაც „ამბასადორი ჯგუფს“ დაევალა დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა. ამ დოკუმენტაციის 70%-მდე უკვე მომზადებულია წინასწარ ამ 15-თვიანი ციკლის პერიოდში, შესაბამისად, სრულ დოკუმენტაციას უახლოეს პერიოდში წარვადგენთ“, - აღნიშნა გოჩა კამკიამ.

მისივე თქმით, "ბათუმი აილენდის" პროექტი ისტორიულია ქვეყნისთვის და მასზე მსოფლიოში წამყვანი კომპანიები მუშაობენ.

„ამბასადორი ჯგუფის მიერ, ფაქტობრივად მთელი მსოფლიოდან მოწვეულ იქნა საუკეთესო ტვინები, რათა პროექტი თავიდანვე სწორად წარმართულიყო და დინამიკურად განვითარებულიყო. ამ კუთხით აღსანიშნია ჩვენი კოლაბორაცია თურქულ საერთაშორისო კომპანია „იუქსელ პროჯესთან“, რომელსაც უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების და პროექტირების სიღრმისეული გამოცდილება აქვს, როგორც ევროპაში, ასევე აზიაში, თავად თურქეთშიც და ამჟამად ინდოეთში პოზიციონირებს. უშუალოდ ამ ჯგუფმა ბათუმის მახლობლად, ორდუსა და რიზეს აეროპორტები ზღვაში დააპროექტა. ამით ჩვენ თავიდანვე საფუძველი გამოვაცალეთ იმ სტერეოტიპებს, რომ შავი ზღვა არის იმდენად „აგრესიული“, რომ აქ შეუძლებელია მსგავსი პროექტების განვითარება.

ამ პროექტის შემდეგი მარგალიტი არის „ამბასადორი ჯგუფის“ და ამერიკული არქიტექტურული კომპანია ShoP Architects-ის თანამშრომლობა. ეს არის მანჰეტენზე დაფუძნებული კომპანია, რომელიც არამხოლოდ ნიუ-იორკში, არამედ დანარჩენ მსოფლიოში ქმნის არქიტექტურის განვითარების ტრენდს. მათი ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევარი არის მეხუთე ავენიუზე "სტეინვეი თაუერი". ეს კომპანია დათანხმდა ჩვენთან თანამშრომლობას, რომელიც უზრუნველყოფს კუნძულზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ნიშური შენობის განთავსებას. ჩვენ მათ ვთხოვეთ და გაითვალისწინეს ის, რომ „ამბასადორი ჯგუფისთვის“ მთავარი არის არამხოლოდ პროექტის წარმატება, არამედ, არ იყოს კოპირებული პროექტები სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს უნდა იყოს ქართული ელემენტებით დატვირთული და ისტორიის მომყოლი შენობა-ნაგებობა. ის გარკვეულწილად უნდა იყოს საქართველოს არქიტექტურული ელჩიც.

რაც შეეხება განაშენიანების გეგმას, ჩვენ მოვიწვიეთ, საერთაშორისო ბრიტანული კომპანია Arup-ი, რომელიც 120-მდე ქვეყანაში დომინირებს, მას დავუკვეთეთ განაშენიანების გეგმის მომზადება. მათთან ერთად მუშაობდა „კოლიერსის“ ლონდონის და თბილისის ოფისები, რომლებიც ასევე ჩვენი კონტრაქტორი კომპანიები არიან. ამ სამ კომპანიასთან თანამშრომლობით შემუშავდა გეგმა. კონტრაქტში ჩავდეთ საინტერესო ელემენტი, რომ ბათუმის კუნძულზე უნდა იქნას გათვალისწინებული მომავლის ჭკვიანი ქალაქის კონცეფცია.

რას გულისხმობს ეს? აქ უნდა იყოს კუნძული, როგორც ავტონომიური წარმონაქმნი, რომელსაც ექნება კომფორტული თანაცხოვრების გარემო. იქნება იახტ კლუბი, სასტუმროები, აპარტამენტები და ა.შ. ასევე თავად კუნძულზე უნდა განთავსდეს სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებები და მთლიანად კუნძული იყოს ელექტრონულად მართვადი. ანუ ის, ვინც იცხოვრებს კუნძულზე, ფაქტობრივად სმარტფონით ექნება ურთიერთობა კუნძულის ადმინისტრაციასთან, რომელიც იზრუნებს მათ შორის მის უსაფრთხოებაზეც. ამასთან, კუნძულის 52% სარეკრეაციო ზონაა, სადაც იქნება ზღვისპირა ბულვარი, ხელოვნური პლაჟი, აკვაპარკი, სასეირნო ბილიკები. ჩვენთვის მთავარია ადამიანმა თავი იგრძნოს რეკრეაციულ გარემოში, როდესაც ის გადაწყვეტს გახდეს კუნძულელი.

იმ ქვეყნებისგან განსხვავებით, რომლებმაც მსგავსი ამბიციური პროექტები განახორციელეს, ჩვენ კლიმატური პირობებიც გვიწყობს ხელს, აქ არის სუბტროპიკული კლიმატი, რაც გამწვანებას შეუწყობს ხელს. ეს საკითხი ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა "ამბასადორი ჯგუფის" იურისტმა, გოჩა კამკიამ.

შეგახსენებთ, „ბათუმი აილენდის“ პროექტი 2021 წელს დაანონსდა, მთავრობა აცხადებს, რომ პროექტის აქტიური მხარდამჭერია. პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 100 მლნ დოლარია, ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის ტერიტორიას გააერთიანებს. მისი განმახორციელებელი „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ 2021 წლის 14 ივნისს დაფუძნდა. კომპანიას ორი აქციონერი ჰყავს, ესენია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ოფშორში რეგისტრირებული კომპანია Property Assets Investment LTD-ი, რომელსაც პროექტის 82%-იანი წილი ეკუთვნის და შპს „ბათუმი აილენდი“, რომელიც პროექტის 18%-იან წილს ფლობს, რომლის 100%-იანი წილი ბიზნესმენ ფრიდონ ქათამაძეს ეკუთვნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები