მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა „ცენტრ-პოინტის“ ობიექტების მშენებლობის პროცესი - პასუხები

61f2c87282c66
თათია ჩაფიჩაძე
28.01.22 00:05
1300
“ცენტრ პოინტის” დაუმთავრებელი მშენებლობების დასასრულებლად მერიასა და კომპანიებს შორის მემორანდუმის გაფორმებიდან 4 თვეზე მეტი გავიდა. მრავაწლიანი პრობლემის დასრულება კომპანია “სი-ემ-სიმ”, “მეტამ”, “ნექსთ დორმა”, “იქს მშენმა ”და “არქი დეველოპმენტმა“ აიღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 2-3 წლიან პერიოდში 6000 ოჯახისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა უნდა დაასრულონ.

კომპანია „არქიში“ აცხადებენ, რომ პროცესებს გეგმის მიხედვით მიჰყვებიან და გურამიშვილის ობიექტზე დაზარალებულები ბინებს 2025 წელს მიიღებენ.

„ჩვენ გვყავს, დაახლოებით, 200-მდე "ცენტრ პოინტით" დაზარალებული, რომელთა სრულად დაკმაყოფილებას ვგეგმავთ; სამშენებლო პროცესი უკვე დაწყებულია. მიწის მოსამზადებელი სამუშაოები შესრულდა, ახლა მიმდინარეობს ხიმინჯების და კედლების გამაგრების პროცესი ისე, როგორც ეს გეგმით არის გათვალისწინებული. დასრულება იგეგმება 2025 წლის ბოლოს, ყველა პროცედურას მივყვებით გეგმის მიხედვით", - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში შიო ხეცურიანმა.

კომპანია "ნექსდორის" მმართველ პარტნიორის ანა გოგიშვილის ინფორმაციით, ბინებს 2025 წლის ბოლოს მიიღებენ გელოვანისა და მარიჯანის ქუჩებზე "ცენტრ-პოინტის" მშენებლობით დაზარალებული პირებიც. როგორც BMG-თან საუბრისას მან აღნიშნა, განსაკუთრებით რთული სამუშაოები მარიჯანის პროექტთან მიმართებით არის ჩასატარებელი, რომლის დემონტაჟი, სავარაუდოდ, გაზაფხულიდან უნდა დაიწყოს.

„მარიჯანის ქუჩაზე სამუშაოები არ არის დაწყებული, ვინაიდან "ცენტრ-პოინტის" ობიექტებიდან ყველაზე რთული ობიექტია. ის ფაქტობრივად სექტემბერში გადმოგვეცა და ერთ ლოკაციაზე მიწევს ორი პროექტის შექმნა, რადგან ნახევარი გაყიდულია კომერციულ ფართად, ნაწილი კი საცხოვრებელ კომპლექსად.

პრობლემური გრუნტია და რამდენჯერმე დასჭირდა საძირკველს კვლევა. გრუნტის წყლებია, ბეტონი მარკას არ აჭერს, ბევრი ტექნიკური დარღვევა აქვს; თუკი რამე სირთულე შეიძლებოდა ჰქონოდა, ყველაფერი აქვს. ახლა ამ ეტაპზე არქიტექტორები და კონსტრუქტორები მუშაობენ პროექტზე, რომელიც მალე დასრულდება.

დემონტაჟი ჯერ არ დამიწყია, რადგან მიმდინარეობს მესაკუთრეების ხელმოწერების შეგროვება, ზოგის მოძიება ფიზიკურად ვერ მოხერხდა. 16 წელია გასული და ზოგიერთთან კონტაქტებია დაკარგული. ურბანულადაც მჭიდროდ დასახლებულია, 433 ოჯახზე 25 ათასი კვ/მ ფართია გასაცემი; სამშენებლო ბიზნესში რომ გასცე 25 ათასი კვ/მ, ჯერ მარტო ხარჯი დააფინანსო და მინიმალურ მოგებაზე ილაპარაკო, ურბანულად 35-სართულიანი "საშინელება" უნდა ააშენო 4 ათასს კვ.მ-ზე. ძალიან დიდხანს ვმსჯელობდით როგორ გაგვეკეთებინა და, საბოლოოდ, გადაწყდა 20-სართულიანი საცხოვრებლის და ოთხის ნაცვლად სამსართულიანი კომერციული სივრცის აშენება. 

რაც შეეხება გელოვანს, დაწყებულია ფერდის გამაგრების სამუშაოები, ხიმინჯების ჩასხმა მიმდინარეობს, იქაც გრუნტში იყო პრობლემები და 7 კვლევა დაგვჭირდა; გეხსომებათ ვაშლიჯვრის ამბებიც, თუმცა საბედნიეროდ, მშვიდი ქანებია და სამუშაოები იქაც გეგმის მიხედვით მიდის. გელოვანის პროექტიც 3 წელიწადში დასრულდება და აქ საუბარია 117 ოჯახის დაკმაყოფილებაზე", - განმარტა გოგიშვილმა.

BMG კომპანია „იქსმშენ დეველოპმენტსაც“ დაუკავშირდა, რომელსაც 3 პროექტი აქვს გადაცემული - პეტრე იბერის, ბოხუასა და ხოშარაულის ქუჩებზე. კომპანიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ სამუშაოები დაწყებულია და პროცედურები გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები