ინოვაციური სტარტაპის სტატუსის განსაზღვრა და ამ სტატუსის მქონე კომპანიებისთვის გადასახადების განულება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიმდინარე წლის 19 მარტს, GITA-ს 10 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე დააანონსა და აღნიშნა, რომ შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივას მთავრობა ძალიან მალე დაარეგისტრირებდა.
Bm.ge დაინტერესდა, რა ეტაპზეა ცვლილებები, რომლებმაც ქვეყანაში ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემა უნდა გააძლიეროს. როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში აცხადებენ, კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობს და ის საკანონმდებლო ორგანოს საშემოდგომო სესიაზე წარედგინება.
„საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად დაგეგმილი გრაფიკით მუშაობს კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც პარლამენტს საშემოდგომო სესიებზე კანონპროექტი წარედგინება განსახილველად“,- უთხრეს Bm.ge-ის სააგენტოში.
აღსანიშნავია, რომ მეათე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა უკვე დაასრულა. საკანონმდებლო ორგანოში საშემოდგომო სესიის ბოლო პლენარული სხდომა 17 სექტემბერს გაიმართა, რამდენადაც არჩევნებამდე ერთი თვით ადრე საპარლამენტო სხდომები აღარ ტარდება. შესაბამისად, სტარტაპებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე უკვე შემდეგი მოწვევის პარლამენტი იმსჯელებს.
შეგახსენებთ, პრემიერის მიერ დაანონსებული გადაწყვეტილებით, საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში გაუნულდებათ საშემოსავლო და მოგების გადასახადები. ასევე დამატებით განისაზღვრება მცირე და საშუალო ინოვაციური კომპანიის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს შეეძლებათ თავიანთი R&D დანახარჯები 500%-ით გამოქვითონ მოგების დასაბეგრი ბაზიდან და R&D დანახარჯების 30% დაიბრუნონ გრანტის სახით. ასევე კომპანიები, რომლებიც R&D საქმიანობას ეწევიან, გათანაბრდებიან საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე კომპანიებთან და მოგებისა და საშემოსავლო გადასახადი შეუმცირდებათ 5%-მდე.
ამასთან, როგორც GITA-ს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ BM.GE-სთან თქვა, ვარაუდობს, რომ დაახლოებით 300-400-მდე სტარტაპი შეიძლება კვალიფიცირდეს ინოვაციურ სტარტაპად.