მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ეტაპზეა კახეთის მაგისტრალის მშენებლობა? - "ახალი გზა შეამცირებს მგზავრობის დროს"

კახეთის მაგისტრალი

"აქტიურად გრძელდება კახეთის მაგისტრალური გზის მშენებლობა. სხვადასხვა მონაკვეთზე სამუშაოების ტემპი განსხვავებულია, მაგრამ ყველგან მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს. უკვე დასრულების ეტაპზეა ბაკურციხე-წნორის მონაკვეთი“,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის მშენებლობის სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი, თბილისის კახეთთან და აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფნის ნაწილია. ძველი გზა გადის მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში: ვაზიანში, სართიჭალაში, ნინოწმინდასა და საგარეჯოში. ახალი გზა კი ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სრულად განტვირთავს მოძრაობას დასახლებებში, უზრუნველყოფს გადაადგილების უსაფრთხოებას და შეამცირებს მგზავრობის დროს.

აღსანიშნავია, რომ თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა 3 მონაკვეთადაა დაყოფილი, სადაც შენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის ჩქაროსნული საავტომობილო გზა. გზის პირველი მონაკვეთი, 4 კმ-იანი ვაზიანის შემოვლითი გზა, გასულ წელს გაიხსნა. ვაზიანი-საგარეჯოსა და საგარეჯოს შემოვლითი გზის, ჯამში 31 კმ-ზე, სამუშაოები აქტიურად გრძელდება და წელს დასრულდება. მინისტრის განცხადებით, სამუშაოები მიმდინარეობს საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთზეც, რომლის გახსნაც მომავალ წელს იგეგმება.

"პირველ, ყველაზე გრძელ 24 კმ-იან მონაკვეთზე, ინტენსიურად მიმდინარეობს საფარის დაგების სამუშაოები, დასრულებულია ყველა ხელოვნური ნაგებობა, მიმდინარეობს მისასვლელი გზების, კვანძების და სხვა კომუნიკაციების მშენებლობა. 35 კმ-იანი მონაკვეთი წელს დასრულდება, რაც კახეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. პროექტით გათვალისწინებულია 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული გზის მშენებლობა, რომელიც, საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვით, 110 კმ საათში გადაადგილების საშუალებას მოგვცემს,”- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

ცნობისთვის, თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 527 მილიონ ლარზე მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები