მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა ხელოვნური კუნძულის - „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მშენებლობა?

სს
16.02.24 17:09
12143

„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ რეგიონის უმსხვილესი საინვესტიციო პროექტია, რომელიც ბათუმის ზღვისპირის სივრცეში, “ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლების სანაპიროს აკვატორიაში ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი რეზორტული ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს.

პროექტის პრეზენტაციის დღიდან კომპანიის მიერ განხორციელებული პირდაპირი დანახარჯი შეადგენს 22 მილიონ ლარს, რის შესახებაც აუდიტის ოფიციალური დასკვნა უკვე წარედგინა სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს.

ამ ეტაპზე, კუნძულის განხორციელებადობასთან დაკავშირებით, უკვე ჩატარებულია 30-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევა. გამართულია ინფრასტრუქტურა, შესყიდულია შესაბამისი სამშენებლო ტექნიკა და მოწყობილია 4 ჰექტარამდე ფართობის ხელოვნური მიწის ნაკვეთი. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ნოემბერსა და 2024 წლის იანვარში ბათუმში დიდ შტორმებს მიწის ნაკვეთის მდგრადობაზე არავითარი გავლენა არ მოუხდენია, რაც ადასტურებს იმას, რომ კვალიფიცირებული სპეციალისტების მიერ კუნძულის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ზედმიწევნით ზუსტად შეირჩა.

კომპანიამ უკვე დაასრულა საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენი პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში.

პროექტის ეკონომიკურ ნაწილზე იმუშავეს "კოლიერსის" ლონდონის და თბილისის ოფისებმა და როგორც კვლევის დასკვნაშია აღნიშნული კუნძული ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაში ისტორიულ წვლილს შეიტანს. პროექტის განხორციელების შედეგად დასაქმდება დაახლოებით 7000 ადამიანი, სახელმწიფო ბიუჯეტი კი გადასახადების სახით, ყოველწლიურად, დაახლოებით 64 მილიონი აშშ დოლარით შეივსება.

კუნძულის ტექნიკურ პროექტირებასა და განხორციელებადობაზე იმუშავა თურქულმა საერთაშორისო კომპანია YUKSEL PROJE-მ, რომელსაც განხორციელებული აქვს უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები მსოფლიოს 60-მდე ქვეყანაში და რაც მთავარია, მათი დაპროექტებულია სხვადასხვა რთული საინჟინრო ნაგებობა შავ ზღვაში, მაგალითად ორდუ გირესუნის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც სრულად წყალზეა აშენებული.

ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ბათუმში ხელოვნური კუნძული აბსოლუტურად უსაფრთხო იქნება ექსპლუატაციისთვის. მისი დაგეგმარებისას გათვალისწინებულია 8-ბალიანი სეისმურობა და გლობალურ დათბობასთან დაკავშირებული წყლის მატების ტენდენციები.

რაც შეეხება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, ამ ანგარიშზე იმუშავა „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ კონტრაქტორმა ქართულმა კომპანია - „გამა კონსალტინგმა". გზშ-ს ფარგლებში კომპანიის მიერ განხორციელდა ზღვის ფსკერის დეტალური შესწავლა-გადაღება. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ აღნიშნული ადგილი არ წარმოადგენს დელფინების მარშრუტის ხაზს, ხოლო წყლისქვეშა სამყარო არ გამოირჩევა განსაკუთრებული მრავალფეროვნებით, რისი მიზეზიც ე.წ. ბეენზეს უბანში არსებული ისტორიულად ჩაღვრილი ნავთობით დაბინძურებული პლაჟია, რომელიც ამავდროულად იწვევდა უსიამოვნო სუნს.

„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მშენებლობის პროცესში სრულად იფარება დაბინძურებული უბნები. კუნძულის ნაპირდამცავ ჯებირებში გამოყენებული ბუნებრივი ქვა კი საუკეთესო საშუალებაა წყალმცენარეების და მოლუსკების გაჩენისთვის, რაც ასევე თევზისთვის წარმოადგენს საკვებს და გამრავლების საშუალებას.

გზშ-ს დასკვნაში აღნიშნულია, რომ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შედეგები აღდგენადია 5-დან 10 წლამდე პერიოდში. შესაბამისად, მისი განხორციელება გარემოსთვის არსებითი ზიანის გამომწვევი არ იქნება. დასკვნაში, ასევე მითითებულია, რომ ბარცხანის ამჟამინდელი პლაჟის სიგრძე დაახლოებით 1,2 კმ-ია, კუნძულის განვითარების შედეგად კი შეიქმნება დაახლოებით 3,6 კმ სიგრძის საჯარო წვდომის ზღვისპირა სივრცე სასეირნო პრომენადებით, ველობილიკებით, ზღვისპირა ბულვარით, ხელოვნური პლიაჟით, სათევზაო ზონებით, სპორტული მოედნებით და ა.შ.

კომპანიამ სრულად დაასრულა ორი ნახევარკუნძულის და კუნძულის განაშენიანების გეგმაზე მუშაოება. ამჟამად მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების სააგენტოში. ბათუმის კუნძულის განაშენიანების გეგმაზე იმუშავა ცნობილმა ბრიტანულმა კომპანია ARUOP GROUP-მა. გენგეგმის შესაბამისად კუნძულის 84 ჰექტარი ფართობიდან 49% უკავია საჯარო ინფრასტრუქტურას და საჯარო სივრცეებს, ხოლო 51% დათმობილია დეველოპმენტისთვის. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დეველომპენტისთვის განკუთვნილი მიწის დაახლოებით ნახევარი მოდის შიდა გამწვანებულ ტერიტორიებსა და საჯარო სივრცეებზე.

მნიშვნელოვანია, რომ უშუალოდ კუნძულზე გათვალისწინებულია 7 ჰექტარამდე ფართობის საჯარო წვდომის სასეირნო ტყე-პარკის მოწყობა. ეკომეგობრული გარემოს შესაქმნელად, ბათუმის კუნძულზე შეზღუდული იქნება ავტომანქანებით მოძრაობა. გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ველოსიპედებითა და ელექტროძრავიანი ორთვალებით.

თავად კუნძულზე გათვალისწინებულია სასტუმროების, აპარტამენტების, ვილების, იახტკლუბის, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის დაწესებულებების, სავაჭრო ცენტრების, ხელოვნური პლიაჟებისა და სხვა უამრავი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც დამახასიათებელია მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების მომავლის ქალაქებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები