მცხეთის გენგეგმაზე მომუშავე კომპანია „აქოლისის“ თავმჯდომარე აკაკი ზერეკიძე ამბობს, რომ დოკუმენტის საბოლოოდ დასრულების ზუსტი დროის განსაზღვრა რთულია.
აკაკი ზერეკიძე bm.ge-ს ეთერში გასული წლის სექტემბერში ამბობდა, რომ კომპანიის მხრიდან გენგეგმაზე მუშაობის დასრულებას დაახლოებით 5 თვე დასჭირდებოდა.
bm.ge დაინტერესდა, რა ეტაპზეა საკითხი. როგორც აკაკი ზერეკიძე განმარტავს, დოკუმენტის კომპლექსურობის და საკითხში მრავალი მხარის, მათ შორის იუნესკოს ჩართულობის გამო, ვადებზე საუბარი რთულია.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად უკვე ჩატარებული კვლევების რევიზია მიმდინარეობს.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, მუდმივ თანამშრომლობაში ვართ სახელმწიფოსთან მიმართებით იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ეს ტერიტორია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არეალშია. ეს დოკუმენტაცია ძალიან კომპლექსურია და სხვათა შორის, დროდადრო კიდევ ემატება დაცვის მექანიზმები. ამასთან, იმ ნიუანსებმა, რამაც გამოიწვია, რომ დღევანდელ დღემდე გენგეგმის დამტკიცება ვერ შედგა, გამოიწვია ის, რომ კიდევ ერთხელ გვჭირდება გარკვეული დოკუმენტაციების რევიზია, რომლებმაც 5 წლის მანძილზე გარკვეული ცვლილებები განიცადა. ამ კვლევების ხელახლა რევიზია მიმდინარეობს. როგორც ვიცი, იუნესკოს წარმომადგენლების ჩართვა ხდება, რომ ის დოკუმენტაცია, რომელიც ჩვენ უკვე შევიმუშავეთ გარკვეულწილად, კიდევ შეთანხმებული იყოს, რევიზია უნდა მოხდეს მათი მხრიდან. ეს პროცესები მიმდინარეობს. დასრულების ზუსტი დროის განსაზღვრა ძალიან რთულია, რადგან კომპლექსურია, მრავალი მხარეა ჩართული", - ამბობს აკაკი ზერეკიძე.
მისი თქმით, ფაქტობრივად ამჟამად მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობის ბოლო ეტაპია.
"შემიძლია გითხრათ, რომ შემდეგ ეტაპზე ვართ, კონცეფცია დამტკიცებულია და ფაქტობრივად პროექტის მონახაზი ხდება, რაც თითქმის ბოლო ეტაპია. ეს ბოლო ეტაპიც მოიცავს კიდევ შიდა ეტაპებს, მაგრამ კონცეფციის შემდეგ ხდება უკვე პროექტის დამტკიცება", - განაცხადა აკაკი ზერეკიძემ.
რაც შეეხება მცხეთის განაშენიანებაზე არსებული 10-წლიანი მორატორიუმის გენგეგმის დასრულებამდე მოხსნას, რისი რეკომენდაციაც კომპანიას აქვს, აკაკი ზერეკიძის განმარტებით, საკითხი კომპლექსურია და იუნესკოს შესაბამის რეკომენდაციას საჭიროებს, რამდენადაც ტერიტორია დაცვის მექანიზმის გარეშე არ უნდა დარჩეს.
„რადგან რეკომენდაცია მორატორიუმის შემოღებაზე იყო თვითონ იუნესკოსგან, ისევ მან უნდა გასცეს რეკომენდაცია გარკვეულ ტერიტორიებზე. უბრალოდ დოკუმენტაცია, რომელიც მორატორიუმს ჩაანაცვლებს, უნდა იყოს შესაბამისობაში. მორატორიუმის მიზანი ხომ არის რომ დაიცვას აგრესიული განაშენიანებისგან. შესაბამისად, უნდა ჩაენაცვლოს დოკუმენტაცია, რომელში არსებული ინსტრუმენტებიც შეძლებენ ტერიტორიის დაცვას", - ამბობს „აქოლისის“ თავმჯდომარე.
ცნობისთვის, 2024 წლის 29 თებერვალს მცხეთის საკრებულომ გენგეგმის კონცეფციის პირველი ეტაპი დაამტკიცა. "საკრებულომ განიხილა აღნიშნული დოკუმენტი, დაამტკიცა კონცეფციის პირველი ეტაპი და გადაუგზავნა მერიას, ხოლო მერიამ, შემდგომი რეაგირების მიზნით, საკრებულოს მიერ დამტკიცებული კონცეფციის პირველი ეტაპი გადაუგზავნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს.
მცხეთის გენგეგმაზე კომპანია “აქოლისი” მუშაობს, რომელთანაც 1.8 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2019 წელს გაფორმდა. მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა 2020 წელს უნდა დასრულებულიყო. თუმცა მანამდე, მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისთვის 160 ათასი ლარი ერთხელ უკვე დაიხარჯა, თუმცა მუნიციპალიტეტმა შპს "სალის" მიერ მომზადებული დოკუმენტი დაიწუნა.
რაც შეეხება მორატორიუმს, - იუნესკომ მცხეთა და ქალაქში მდებარე ისტორიული მონუმენტები - სვეტიცხოვლის ტაძარი, ჯვრისა და სამთავროს მონასტრები - კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს შეიტანა.
მიწის პრივატიზაციის საფრთხეების, არქეოლოგიური კომპონენტების დაუცველობის და სარესტავრაციო სამუშაოების დროს ავთენტიკურობის ნაწილობრივი დაკარგვის გამო, 2009 წელს ორგანიზაციამ მცხეთა საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში გადაიტანა და სწორედ ამ მიზეზით, 2014 წლის ბოლოს გამოცხადდა მორატორიუმი. მორატორიუმის შედეგად, მცხეთის მოსახლეობა ვერ განკარგავს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. ქალაქში მიწის ნაკვეთების გასხვისება და მშენებლობა ჯერ ისტორიულ ნაწილში აიკრძალა, შემდეგ კი მორატორიუმი მცხეთის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა.



























