მცხეთის განაშენიანებაზე არსებული 10-წლიანი მორატორიუმი შესაძლოა გენგეგმის დასრულებამდე მოიხსნას. ყოველ შემთხვევაში ასეთია რეკომენდაცია, რომელსაც გენგეგმაზე მომუშავე კომპანია გასცემს. ეს განცხადება აქოლისის თავმჯდომარემ აკაკი ზერეკიძემ დღეს საქმის კურსის ეთერში გააკეთა.
როგორც ზერეკიძე ამბობს, ქალაქის განაშენიანების რეგულირების გეგმები ეტაპობრივად მუშავდება, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ მორატორიუმი ნაწილობრივად მოიხსნას. თუმცა მისი თქმით, ეს მხოლოდ რეკომენდაციაა და საბოლოო გადაწყვეტილება იუნესკოსთან შეთანხმებით მთავრობამ უნდა მიიღოს. ზერეკიძე ამბობს, რომ მათი მხრიდან გენგეგმაზე მუშაობის დასრულებას დაახლოებით 5 თვე დასჭირდება.
“გეგმები ეტაპობრივად მუშავდება და ეტაპობრივად არის შესაძლებელი მორატორიუმის მოხსნა, რომ მოსახლეობამ შვება იგრძნოს. მოსახლეობა რთულს მდგომარეობაშია, რადგან ძალიან ბევრი რამ ვერ კეთდება. გენგეგმის დამტკიცებას რომ არ ველოდოთ, შესაძლებელია მორატორიუმის ეტაპობრივი მოხსნა, ეს იქნება ჩვენი რეკომენდაცია. ეს არ არის ჩვენი გადასაწყვეტი და არც რეკომენდაციაზეა მხოლოდ დამოკიდებული. პროცესში ჩართულები არიან იუნესკოს წარმომადგენლები. ვფიქრობ, რომ ეს მიღწევადია და შეიძლება არ მოგვიწიოს 5 თვე ლოდინი და ჯერ მოიხსნას მორატორიუმი მცხეთის ცენტრალურ ნაწილზე შემდეგ გადავიდეს სხვა დასახლებებზე. რაც მიგვიყვანს იქამდე, რომ დოკუმენტი იქნება ისეთი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა საკუთრებაზე როგორც მშენებლობის ნებართვების გაცემა, ასევე აკრძალვების მოხსნა, თუმცა დაწესდება წესი, რომელიც უზრუნველყოფს ძეგლების შენარჩუნებას,” - ამბობს აქოლისის თავმჯდომარე აკაკი ზერეკიძე.
ცნობისთვის, 29 თებერვალს მცხეთის საკრებულომ გენგეგმის კონცეფციის პირველი ეტაპი დაამტკიცა. "საკრებულომ განიხილა აღნიშნული დოკუმენტი, დაამტკიცა კონცეფციის პირველი ეტაპი და გადაუგზავნა მერიას, ხოლო მერიამ, შემდგომი რეაგირების მიზნით, საკრებულოს მიერ დამტკიცებული კონცეფციის პირველი ეტაპი გადაუგზავნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს."
მცხეთის გენგეგმაზე კომპანია “აქოლისი” მუშაობდა, რომელთანაც 1.8 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2019 წელს გაფორმდა. მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა 2020 წელს უნდა დასრულებულიყო. თუმცა მანამდე, მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისთვის 160 ათასი ლარი ერთხელ უკვე დაიხარჯა, თუმცა მუნიციპალიტეტმა შპს "სალის" მიერ მომზადებული დოკუმენტი დაიწუნა.
რაც შეეხება მორატორიუმს, - იუნესკომ მცხეთა და ქალაქში მდებარე ისტორიული მონუმენტები - სვეტიცხოვლის ტაძარი, ჯვრისა და სამთავროს მონასტრები - კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს შეიტანა.
მიწის პრივატიზაციის საფრთხეების, არქეოლოგიური კომპონენტების დაუცველობის და სარესტავრაციო სამუშაოების დროს ავთენტიკურობის ნაწილობრივი დაკარგვის გამო, 2009 წელს ორგანიზაციამ მცხეთა საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში გადაიტანა და სწორედ ამ მიზეზით, 2014 წლის ბოლოს გამოცხადდა მორატორიუმი. მორატორიუმის შედეგად, მცხეთის მოსახლეობა ვერ განკარგავს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. ქალაქში მიწის ნაკვეთების გასხვისება და მშენებლობა ჯერ ისტორიულ ნაწილში აიკრძალა, შემდეგ კი მორატორიუმი მცხეთის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა.