აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის რიკოთის მონაკვეთზე ამჟამად დარჩენილია ჩუმათელეთი-ხევის გზაზე გახსნილი 4-კილომეტრიანი 2-ზოლიანი გზის პარალელურად, კიდევ ორი ზოლის სამშენებლო სამუშაოები. ახალი ორზოლიანი გზა მიმდინარე წლის ზაფხულში გაიხსნა, რის შემდეგაც ამ მონაკვეთზე გადაერთო ორივე მიმართულება. პარალელურად კი, საგზაო კონტრაქტორმა China State Construction Engineering Corporation-მა არსებულ ძველ გზაზე ახალი ორზოლიანი გზის და ხიდების მშენებლობა დაიწყო.
დღეს სამშენებლო სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ დაათვალიერა, რომლის თქმითაც, კონტრაქტორს ხარისხთან დაკავშირებით შენიშვნები მიეცა. ამასთან, სოხაძე აცხადებს, რომ დარჩენილი სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება, რის შედეგადაც რიკოთის 52-კილომეტრიანი მაგისტრალი 100%-ით იქნება გახსნილი.
"დღეს თავიდან ბოლომდე დავათვალიერეთ ობიექტი. არსებობს გარკვეული შენიშვნები კონტრაქტორთან ხარისხთან დაკავშირებით, რასაც ის აუცილებლად გამოასწორებს. ამასთან, რიკოთის მთელ მონაკვეთზე მიმდინარეობს ხარვეზების აღმოფხვრის სამუშაოები. ჩვენი ამოცანაა, რომ გზის უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული," - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
რიკოთის 4-ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალის დარჩენილ 4-კილომეტრიან მონაკვეთზე აღმოსავლეთ–დასავლეთის მიმართულების ორი ზოლის მშენებლობა უკვე დასრულებულია და ტრანსპორტი მოძრაობს. ამჟამად მიმდინარეობს პარალელური ორი ზოლის მოდერნიზება-მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგაც რიკოთის მაგისტრალური გზა სრულად შევა ექსპლუატაციაში.
ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის სიგრძე 11.7 კილომეტრია და მისი ღირებულება 330 მილიონ ლარს შეადგენს.
ხოლო მთლიანობაში რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა მოიცავს 52 კმ ახალ 4-ზოლიან გზას, 51 გვირაბსა და 97 ხიდს. ამ ეტაპზე ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 48 კმ-იანი ახალი გზით (50 გვირაბითა და 91 ხიდით), რაც მგზავრობის მანძილს 8 კმ-ით ამცირებს და ანახევრებს გადაადგილების დროს.
პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს დაახლოებით 2.6 მილიარდ ლარს და ის ხორციელდება აზიის განვითარების ბანკის (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB), მსოფლიო ბანკის (WB) სესხებითა და საქართველოს ბიუჯეტის თანადაფინანსებით.


































