მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა საჯარო სკოლებში უფასო კვების პროგრამა? - გივი მიქანაძის პასუხი

გივი მიქანაძე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, სახელმწიფო ყველა ზომას იღებს იმისათვის, რომ კვების კომპონენტი ყოველი საჯარო სკოლის სისტემაში სრულად იყოს ინტეგრირებული. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, კვების საკითხი საკმაოდ საფრთხილო და კომპლექსურია. ახალი მინისტრი აცხადებს, რომ სკოლებში კვების კუთხის მოწყობის სურვილი კერძო პირებს თავად უნდა ჰქონდეთ, რადგან სახელმწიფო ამას დაინტერესებულ პირებს ვერ აიძულებს.

„კვების საკითხი საკმაოდ საფრთხილოა. კვების საკითხების ორგანიზება სასკოლო ინფრასტრუქტურაში ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. ყველა ის სკოლა, რომლის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს და ახალი სკოლის მშენებლობა ხორციელდება, შესაბამისი ინფრასტრუქტურის ადგილები გამოყოფილია“, - თქვა მან და დაამატა, რომ ამ პროცესში შემდეგი ეტაპი კერძო სექტორის ჩართულობაზეა დამოკიდებული.

მისივე განმარტებით, უკვე არაერთი საჯარო სკოლაა, სადაც აღნიშნული ინფრასტრუქტურა ფუნქციონირებს: "სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ეს კომპონენტი დაინერგოს ყველა სკოლაში და შესაბამისად იყოს უსაფრთხო და კანონით განსაზღვრული ნორმების დაცვით. შესაბამისად, ამის შემდეგ დამოკიდებული ვართ იმ დაინტერესებულ პირებზე, ვისაც სურვილი ექნება, რომ შევიდეს სკოლაში. ჩვენ ვერავის ვაიძულებთ, რომ სკოლაში შევიდეს, იჯარით აიღოს ფართი, რომ ეს კუთხე მოაწყოს. მე არაერთ სკოლაში ვყოფილვარ, სადაც ეს ფუნქციონირებს ჩვეულებრივ ნორმალურ რეჟიმში“, - დასძინა გივი მიქანაძემ.

BM.GE- მ "ოცნების" მინისტრს დამაზუსტებელი კითხვა დაუსვა: თავდაპირველად საუბარი იყო უფასო კვების შესაძლებლობაზე და ახლა სახელმწიფოს სხვა ხარჯის გაწევაც მოუწევს? - ამაზე მიქანაძემ თქვა, რომ პირველ რიგში პრიორიტეტი ინფრასტრუქტურის მოწყობაა და ამის შემდეგ უკვე ნათელი იქნება, თუ რა ნაბიჯები იქნება გადასადგმელი.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურულად ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს და რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვიყოთ, რომ უსაფრთხოების ზომები დაცულია. ამის შემდეგ ჩვენ ვნახავთ რა შესაძლებლობები იქნება, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ. მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ შევქმნათ შესაძლებლობა იმისთვის, რომ კონკრეტული კომპანიები შემოვიდნენ. კიდევ ერთხელ, ეს კომპლექსური საკითხია და მუშაობა ჩვეულებრივ სტილში ხორციელდება", - თქვა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები