ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა ამბობს, რომ საქართველოს SEPA-ში გაწევრიანებისთვის მოთხოვნების ძირითადი ნაწილი შესრულებულია და პროცესი უნდა დაჩქარდეს. მან ამის შესახებ ერთპარტიული პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ მოლდოვა ერთიანი ევრო გადახდების სივრცეში - SEPA-ში მიმდინარე წლის 6 მარტს გაწევრიანდა. ქვეყანამ გაწევრიანებაზე განაცხადი 2024 წლის 30 იანვარს გააკეთა. SEPA-ში გაწევრიანებაზე განაცხადი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2022 წელს შეიტანა. BM.GE-მ საქართველოს გაწევრიანების მიმდინარეობის შესახებ დეტალური კითხვებით სებ-ს ჯერ კიდევ 7 მარტს მიმართა, თუმცა პასუხები ამ დრომდე არ მიგვიღია.
დღეს, ნათია თურნავამ პარლამენტში საკითხზე შემდეგი განმარტება გააკეთა:
"ძალიან მაღალია მნიშვნელობა SEPA-ში გაწევრიანების. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიყავით, ვინც მივმართეთ SEPA-ს და ევროკომისიას განაცხადით ამ მიმართულებით. მას შემდეგ, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ეროვნული ბანკის კუთხით შესაბამისი ევროდირექტივების გადმოღების მიზნით, რაც კარგ საფუძველს ქმნის, რომ განხილვა დაიწყოს SEPA-ში ჩვენი გაწევრიანების, მთავრობამაც იმუშავა. შეიძლება რჩება რაღაც ნიუანსები, რაც შეიძლება პროცესში გასწორდეს, მაგრამ მოთხოვნების ძირითადი ნაწილი შესრულებულია. ვთვლით, რომ ეს პროცესი უნდა დაჩქარდეს, ჩვენი მხრიდან ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რომ ჩვენმა კოლეგებმა ეს პროცესი დააჩქარონ. იქაც ეს დაკავშირებულია ტექნიკურ პარამეტრებთან, ასე სწრაფად არ ხდება. ვიცი კოლეგებისგან, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ცენტრალური ბანკირებისგან, რამდენად რთული და კომპლექსური პროცესია. ჩვენ ვართ ოპტიმისტურად განწყობილი, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავაუმჯობესოთ და გავაიაფოთ ევროკავშირთან ჩვენი საფინანსო გზავნილები იქნება თუ სხვა ტიპის ტრანზაქციები და SEPA სწორედ ამას ემსახურება, ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტი",- თქვა თურნავამ.