მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა სასტუმრო HYATT REGENCY TBILISI-ს $60 მლნ-იანი პროექტი?

6399dd7f2a51d
ვიქტორია მღებრიშვილი
18.12.22 23:56
3438
თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე იუსტიციის სამინისტროს ყოფილ შენობაში HYATT-ის ბრენდის, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს კარკასის მშენებლობა დასრულდა, თუმცა პროექტის მმართველ კომპანია „რუსთაველი ფროფერთიში“ სასტუმროს ამოქმედების ვადებს ვერ აზუსტებენ.

HYATT REGENCY TBILISI 180-ნომრიანი სასტუმროს საინვესტიციო ღირებულება 60 მლნ დოლარია. პროექტით ისტორიულ სარდაფში ქართული რესტორნის, ასევე მეოთხე სართულზე მეორე რესტორნის და მეშვიდე სართულზე „სქაი ბარის“ მოწყობაა გათვალისწინებული. მეშვიდე სართულზე ასევე იქნება 18-მეტრიანი აუზი. სასტუმრო ამოქმედების შემდეგ 200-მდე სამუშაო ადგილს შემქნის.

„რუსთაველი ფროფერთის“ გენერალური დირექტორი მინდია გადაევი BM.GE-სთან ამბობს, რომ სასტუმროს მშენებლობა პანდემიის პერიოდშიც არ შეჩერებულა.

„მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, დღეს საფასადე სამუშაოები წარმოებს. პანდემიის მიუხედავად, პროექტი ერთი დღითაც არ გაჩერებულა, ამ პერიოდის განმავლობაში მთლიანი კონსტრუქცია აშენდა და დღეს კონსტრუქციის მშენებლობა დასრულდებულია. ვაგრძელებთ მუშაობას და გარკვეულ გეგმებს ვისახავთ. დავიწყებთ შიდა ინტერიერზე ფიქრს და უფრო მეტად გავაქტიურდებით“, - ამბობს გადაევი.

კომპანიის დირექტორი პროექტის დასრულების ვადებს შეგნებულად არ ასახელებს და ამბობს, რომ მისი დასრულება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. „მომავალი წლის ამ დროს ვადებზე უფრო თამამად ვისაუბრებთ“, - უთხრა BM.GE-ს „რუსთაველი ფროფერთის“ დირექტორმა.



უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს შპს „რუსთაველი ფროფერთის“ წილების მმართველებში ცვლილებები დაფიქსირდა. კონკრეტულად კი კომპანიის 50%-იანი წილის მმართველმა კვიპროსზე რეგისტრირებულმა „მერიდაუ დეველოფმენთ ჰოლდინგსმა“ თავისი წილი ჯამში 10.231 მლნ დოლარად ორ კომპანიაზე გაასხვისა.

შედეგად, „რუსთაველი ფროფერთის“ 50%-იანი წილის მფლობელი კვლავ "რუსთაველი პლაზაა", ხოლო კვიპროსზე რეგისტრირებულმა კომპანია Shega Holdings-მა 5.9%-იანი წილი მისი ძველი მმართველისგან 1.2 მლნ დოლარად იყიდა, დარჩენილი 44.1%-იანი წილის მფლობელი კი 9.031 მლნ დოლარის სანაცვლოდ ლუქსემბურგის საჰერცოგოში რეგისტრირებული კომპანია „უან ქეფითალ ეს.ეი.“ გახდა.

შეგახსენებთ, იუსტიციის სამინისტროს ყოფილი შენობა სახელმწიფოსგან „რუსთაველი ფროფერთიმ“ 2012 წელს 13 მლნ ლარად შეიძინა, პროექტის დასრულებას კომპანია ჯერ კიდევ 2017 წელს გეგმავდა. მინდია გადაევი აღნიშნავს, რომ პროექტის განხორციელების ვადა აუქციონის პირობით განსაზღვრული არ იყო. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები