მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა თბილისი-საგარეჯოს გზის მშენებლობა?

63104b829c791
BM.GE
01.09.22 10:59
616
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, კახეთის რეგიონში, ვაზიანის შემოსავლელი გზის მშენებლობას აგრძელებს. პროექტი ითვალისწინებს 3,7 კმ საავტომობილო გზის და 6 სახიდე გადასასვლელის მშენებლობას. უწყების ცნობით, ამ დროისთვის, რკინაბეტონის მილების, სახიდე გადასასვლელებისა და მისასვლელებზე ყრილების მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოების ღირებულება 64 მლნ. ლარამდეა.

თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი გზის მშენებლობა 3 მონაკვეთადაა დაყოფილი და აშენდება 4-ზოლიანი ცემენტ-ბეტონის, გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული საავტომობილო გზა. ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები სამივე ლოტზე მიმდინარეობს.

ცნობისთვის, თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 527 169 937 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ტენდერი გამოცხადებული იყო ისეთი ფორმით, რომ პროექტის განხორციელებაში ქართულ კომპანიებს დამოუკიდებლად შეეძლოთ მონაწილეობის მიღება და ვაზიანის შემოვლით გზას სწორედ ქართული კომპანია აშენებს.

თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი, თბილისიდან კახეთის მიმართულებით დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო კორიდორის ნაწილია.

არსებული გზა ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში გადის როგორებიცაა: ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო. თბილისი-საგარეჯოს გზა ლოჭინის კვანძის აღმოსავლეთით იწყება და თოხლიაურის კვანძის აღმოსავლეთით სრულდება. ახალი გზა კი სრულად განტვირთავს მოძრაობას დასახლებულ პუნქტებში, რაც მოძრაობის უსაფრთხოებას და მგზავრობის დროის შემცირებას უზრუნველყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები