თიბისი კაპიტალმა მიმდინარე მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე განახლებული მიმოხილვა გამოაქვეყნა, ანგარიშში საუბარია საქართველოს მიმდინარე ანგარიშის ბალანსზე, რომელიც რეინვესტიციების გარეშე პროფიციტული იყო და მშპ-ის 1.2%-ს შეადგენდა. ანგარიშის თანახმად, ექსპორტის ზრდამ და იმპორტის კლებამ საგარეო ბალანსის გაუმჯობესებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა, რაც განსაკუთრებით ავტომობილებით ვაჭრობას უკავშირდება. თიბისი კაპიტალის შეფასებით, წმინდა სავალუტო შემოდინებების ზრდის ფონზე, მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი მესამე კვარტალშიც შენარჩუნდება, თუმცა, ჯერჯერობით აღნიშნულის შესახებ სრული სტატისტიკური მონაცემები ხელმისაწვდომი არაა. მას სებ-ი წლის ბოლოს გამოაქვეყნებს.
"მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიში, რეინვესტიციის გარეშე, პროფიციტში იყო და მშპ-ის 1.2%-ს შეადგენდა (წლის პირველ ნახევარში -1.2%-ის დეფიციტი), რეინვესტიციის ჩათვლით კი დეფიციტმა -2.4%-ს მიაღწია (წლის პირველ ნახევარში -4.2%). ივლისსა და აგვისტოში წმინდა სავალუტო შემოდინებების ზრდის ფონზე, თიბისი კაპიტალის შეფასებით, მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი, სავარაუდოდ, მესამე კვარტალშიც შენარჩუნდება.
მეორე კვარტალში საგარეო ბალანსზე მოქმედ ძირითად ფაქტორს საქონლით ვაჭრობა წარმოადგენდა. კერძოდ, სავაჭრო დეფიციტის შემცირებამ, რასაც ერთდროულად იმპორტის კლება და ექსპორტის ზრდა განაპირობებდა, მიმდინარე ანგარიშის დადებით ბალანსში წამყვანი როლი შეასრულა. საქონლით ვაჭრობის დინამიკის მხრივ აღსანიშნავია ავტომობილებით ვაჭრობა, რომელიც ამ კუთხით ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება. ამავდროულად, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, ბოლო წლების დინამიკის მსგავსად, ძირითადი ნაწილი კვლავ რეინვესტირებულ მოგებაზე მოდიოდა, თუმცა სააქციო კაპიტალის კომპონენტში გარკვეული ზრდა დაფიქსირდა, ისევე როგორც პორტფელურ ინვესტიციებში. რაც შეეხება სავალუტო რეზერვებს, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მიერ აშშ დოლარის შესყიდვის ინტერვენციები, დიდწილად შარშანდელი კლების შემდგომ, რეზერვების ზრდაში აისახა. ივლის-აგვისტოს მონაცემებით, ინტერვენციები მესამე კვარტალშიც გაგრძელდა.
სხვა მაჩვენებლების კუთხით, სექტემბერში, მოლოდინების შესაბამისად, სამომხმარებლო ფასების ინფლაციამ 4.8% შეადგინა. თიბისი კაპიტალის უცვლელი პროგნოზის თანახმად, ინფლაცია მცირედით კიდევ მოიმატებს და 5%-ს გადააჭარბებს, თუმცა წლის ბოლოსთვის, საბაზო ეფექტის გათვალისწინებით, შემცირდება და, დაახლოებით, 4.5%-ს მიაღწევს. ინფლაციაში მზარდია ადგილობრივი ფაქტორების როლი, თუმცა აღსანიშნავია ერთჯერადი ეფექტები და იმპორტული ინფლაციის აჩქარებაც.
ამასთან, საქსტატის შეფასებით, ეკონომიკურმა ზრდამ აგვისტოში 6.6% შეადგინა. შედეგად, რვა თვის საშუალო ზრდა 7.9%-ია,"- ნათქვამია თიბისი კაპიტალის ეკონომიკურ მიმოხილვაში.




























