„ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ კარგი ამერიკული კომპანიები მოვიზიდოთ, რადგან საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს“, - ასე აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საქართველოს საინვესტიციო გარემოს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტ ია მეურმიშვილთან ინტერვიუში, რომელიც „ტვ პირველის“ ეთერში გავიდა.
ჟურნალისტის კითხვაზე - რას აქცევენ ყურადღებას ამერიკელი ინვესტორები და რამდენად მარტივია დღეს არსებული პირობების გათვალისწინებით მათი მოზიდვა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში ის ფაქტორები დაასახელა, რომლებიც უცხოელ ინვესტორებს ქვეყანაში შესვლისას აინტერესებთ და საქართველოს მთავრობას ერთგვარი რეკომენდაცია მისცა.
„ინვესტორებს სურთ კარგად ესმოდეთ საინვესტიციო გარემო, სურთ იცოდნენ ის, რომ თუ საკონტრაქტო დავა ექნებათ გადაწყდება თუ არა ის სწრაფად სასამართლოში, სამართლიანია თუ არა თამაშის წესები, ტენდერებში ვინმეს ფავორიტები იმარჯვებენ თუ უცხოელი ინვესტორები - ამით იქმნება რეპუტაცია. საქართველომ უნდა შექმნას რეპუტაცია.
ინვესტორები ეძებენ ბაზრებს და როდესაც კომპანიები საქართველოში ჩამოდიან უნდა დაინახონ, რომ საქართველო ფულის ჩასადებად უსაფრთხო ქვეყანაა. აქ მთავრობას საკუთარი როლი აქვს, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ინფრასტრუქტურის პროექტებს ეხება. მთავრობას სტრატეგიული გეგმები უნდა ჰქონდეს, რომლებსაც ინვესტორებს აჩვენებს და იტყვის თუ საით მიდის ქვეყანა. ამაში შედის პორტები, საგზაო და კომუნიკაციების ქსელი. თუ მთავრობა ამას საქართველოს მარკეტირების მიზნით გააკეთებს, ვფიქრობ, უფრო მეტ კარგ ამერიკულ ბიზნესს მოვიზიდავთ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
ამერიკის ელჩმა საქართველოში ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის და აშშ-ის მიერ ამ პროექტის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ინტერვიუს ბოლოს კი ელჩმა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების იმედი გამოთქვა.




























