მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს "უდაბნოს მზის ელექტროსადგურის" ინვესტორი?

614ef0df9b2b6
დავით ჯალაღონია
26.09.21 00:00
2256
უდაბნოს მზის ელექტროსადგურის მშენებლობაზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში ქართულმა კომპანიამ "ნექსთ ენერჯიმ" გაიმარჯვა. ინვესტორმა სოფელ უდაბნოს ტერიტორიაზე, 5 მგვტ სიმძლავრის სადგური უნდა ააშენოს, რაც დაახლოებით 3.5 მლნ აშშ დოლარი დაუჯდება.

BM.GE დაინტერესდა, რამდენად მაღალი იყო ამ პროექტის მიმართ კერძო სექტორის მხრიდან ინტერესი და რა ფინანსურ მხადარჭერას მიიღებს ის სახელმწიფოსგან. ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის გიორგი ჩიქოვანის ინფორმაციით, მზის ამ სადგურის მშენებლობაზე 8 კომპანიამ გამოთქვა ინტერესი.

"ეს იქნება პირველი მსხვილი მზის ელექტროსადგური საქართველოში. ზოგადად, ეს პროექტი რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შეირჩა და ეს კრიტერიუმებია, რომ ახლოს იყოს ქვესადგურთან, იყოს მზის კარგი დასხივება და ა.შ. ერთ-ერთი საუკეთესო ადგილმდებარეობა და პოტენციალი აქვს ამ პროექტს, რომ წარმატებული იყოს როგორც ტექნიკურად, ისე ეკონომიკურად. აუქციონის შედეგად შეირჩა "ნექსთ ენერჯი", თუმცა დაახლოებით 8 კომპანიამ გამოხატა ინტერესი და მიიღო ამ პროცესში მონაწილეობა.

რაც შეეხება ფინანსურ მოდელს, მოგეხსენებათ, საქართველოში ტარდება ენერგეტიკული რეფორმა და ამ რეფორმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომ ქვეყანამ უარი თქვას იმ პრაქტიკაზე, რასაც ჰქვია გარანტირებული შესყიდვის მექანიზმი. მთავრობის შარშანდელი გადაწყვეტილებით, განახლებადი ენერგიების წყაროებს სახელმწიფო დაეხმარება ე.წ პრემიალური ტარიფით, რაც ითვალისწინებს ელექტროენერგიის ახალ ბირჟაზე ვაჭრობას და შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან დამატებით სუბსიდიას პრემიალური ტარიფის სახით. ეს პროექტიც გაივლის ამ პროცესს და იმედი გვაქვს, მიიღებს პრემიალური ტარიფის სუბსიდიას სახელმწიფოსგან", – განმარტა გიორგი ჩიქოვანმა.

აღსანიშნავია, რომ უდაბნოს მზის ელექტროსადგურის მშენებლობისთვის ენერგეტიკის განვითარების ფონდმა ინტერესთა გამოხატვა 2018 წელსაც გამოაცხადა და გამარჯვებულად შპს "სოლარ ფაუერ ჯორჯია" გამოავლინა, თუმცა პროექტის განხორციელება ვერ მოხერხდა. ამის მიზეზები BM.GE-სთან ფონდის ხელმძღვანელმა განმარტა.

"ერთ-ერთი მიზეზი ვფიქრობთ ის იყო, რომ იმ დროისთვის არ არსებობდა წახალისების მექანიზმი განახლებადი ენერგიების წყაროებისთვის და შესაბამისად, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დაფინანსების მისაღწევად არ იყო ეს სახელმწიფო წახალისების მექანიზმი. ვფიქრობ, ახალ რეალობაში ეს ინვესტორი შეძლებს მოიზიდოს სრულად დაფინანსება და განახორციელოს ეს პროექტი", – აღნიშნა მან.

ცნობისთვის: განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემა მთავრობამ გასულ წელს დაამტკიცა. დადგენილების მესამე, მეოთხე და მეხუთე მუხლები სწორედ პრემიალურ ტარიფს, მისი მოქმედების ვადებსა და პირობებს ეხება.

"მუხლი 3. მხარდაჭერის სქემა

1. მხარდაჭერის სქემა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

ა) მხარდაჭერის პერიოდი;

ბ) პრემიალური ტარიფი.

2. მხარდაჭერის სქემა ხორციელდება სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“, ხოლო „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის განსაზღვრის შედეგ, ამ ორგანიზაციის მიერ, შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.

მუხლი 4. მხარდაჭერის პერიოდი

1. მხარდაჭერის პერიოდი განისაზღვრება სადგურის ექსპლუატაციაში შესვლისა და წარმოების ლიცენზიის (კანონმდებლობით ასეთი საჭიროების შემთხვევაში) გაცემიდან ათი წლის ვადით, წელიწადში 8 თვის განმავლობაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული 8 თვეა: იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი.

მუხლი 5. პრემიალური ტარიფი

1. პრემიალური ტარიფი შეადგენს 1 კვტ.სთ-ისთვის 0.015 აშშ დოლარს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. პრემიალური ტარიფი გადაიხდება როგორც ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარზე შესაბამისი საათისთვის დაფიქსირებულ საბითუმო (წონასწორულ) ფასზე დამატება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სადგურის მიერ მხარდაჭერის პერიოდის განმავლობაში მოცემულ საათში გამომუშავებული და ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარზე რეალიზებული 1 კვტ.სთ ელექტროენერგიისათვის დაფიქსირებული საბითუმო (წონასწორული) ფასი ნაკლებია 0.055 აშშ დოლარზე.

3. თუ ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარზე შესაბამისი საათისთვის დაფიქსირებულ საბითუმო (წონასწორულ) ფასსა და 0.055 აშშ დოლარს შორის სხვაობა 0.015 აშშ დოლარზე ნაკლებია, მაშინ პრემიალური ტარიფი გამოიანგარიშება აღნიშნული სხვაობით.

4. პრემიალური ტარიფი გადაიხდება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ანგარიშფაქტურის გამოწერის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, შეთანხმებით გათვალისწინებული წესით”, – წერია მთავრობის დადგენილებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები