ჯანდაცვის ახლად დანიშნული მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, სუროგაციის შესახებ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის განხილვა საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით უნდა გაგრძელდეს.
ასე უპასუხა მინისტრმა კითხვას, ხომ გაგრძელდება თუ არა და რა ფორმით, კანონპროექტის განხილვა, რომელიც საკომიტეტო მოსმენების ეტაპზეა.
"ჩვენ, უნდა გავიაროთ თითოეული ის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მოლოდინი არსებობს. შესაბამისად, მსჯელობის შედეგად, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით უნდა მივიდეთ ყველაზე ოპტიმალურ გადაწყვეტილებებამდე. ასე მოვიქცევით და ასე დავგეგმავთ სამომავლო ნაბიჯებს", - თქვა ჯანდაცვის ახლად დანიშნულმა მინისტრმა.
აღსანიშნავია ისიც, რომ კანონპროექტის განხილვის ვადის გახანგრძლივების პარალელურად, ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლითაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სუროგატული დედის მშობიარობა/საკეისრო კვეთის ხარჯები აღარ ანაზღაურდება.
პარლამენტში ამბობენ, რომ უცნობია, როდის გაგრძელდება სუროგაციისა და ინვიტრო განაყოფიერების წესების გამკაცრების შესახებ კანონპროექტის განხილვა. 7 მარტს bm.ge-ის პარლამენტში განუცხადეს, რომ თარიღი კვლავ არ იციან. არადა, პროექტი პირველ ეტაპზე დაჩქარებულად განიხილებოდა და ამოქმედების ვადად იმჟამინდელი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი 2024 წლის 1 იანვარს ასახელებდნენ