წლის მიწურულს, ტრადიციულად, ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც მთავრობის წევრებმა ქვეყნის სამომავლო სტრატეგიაზე და განვითარების გეგმებზე იმსჯელეს.
სხდომის ძირითადი თემა ეკონომიკურ ზრდას და ფინანსურ სექტორში დაგროვილ რისკებს შეეხო. მთავრობის წევრების შეფასებით, უძრავი ქონების სექტორი ზედმეტად მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფება და მის მხარდასაჭერად დამატებითი ზომები უნდა გატარდეს. გარდა ამისა, კანონმდებლები სუბსიდიების და მთავრობის მხრიდან იაფი კრედიტის გამოყოფის საჭიროებაზეც მიუთითებენ, რასაც ის ფაქტი განაპირობებს, რომ ჩინეთის საწარმოო ინდექსი თითქმის ყოველთვიურად ეცემა, ანუ რეალური ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში მცირდება.
პოლიტბიუროს ბოლო სხდომიდან კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ უძრავი ქონების სექტორი იმაზე მძიმე მდგომარეობაშია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. მთავრობის წევრების შეფასებით, ქვეყნის წინაშე არსებულ ყველაზე დიდ საფრთხეს სწორედ მოწყვლადი უძრავი ქონების სექტორი წარმოადგენს, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული სადაზღვევო, საფინანსო და საბანკო სექტორებთან.
პრეზიდენტ სი ძინპინის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება ჩინეთის მოსახლეობისთვის მიუღებელია და მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება რაც შეიძლება სწრაფად გამოსწორდეს.
ამჯერადაც სიტყვით გამოსვლისას სი ძინპინი მაქსიმალურად ფრთხილი და ზოგადი იყო, შესაბამისად, მას კონკრეტული სამიზნე რიცხვები არ დაუსახელებია.
როგორც ვიცით, ჩინეთის მთავრობას გათვლა 5-6%-იან ეკონომიკურ ზრდაზე აქვს, თუმცა არის იმის რისკი, რომ ეს პროგნოზი ვერ გამართლდეს და მიმდინარე წლის IV კვარტალში ქვეყნის ეკონომიკამ არასახარბიელო შედეგები დააფიქსიროს.