ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და შეცვალოს კურსი, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს. ამის შესახებ საუბარია ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც საბჭომ ოთხ პუნქტად გამოყო. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების საქართველოსთან დაკავშირებულ ნაწილს, რომლის თარგმანს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს, BMG უცვლელად გთავაზობთ:
1. ევროპული საბჭო საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს. კერძოდ, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” მიღებული კანონი კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციაში მითითებულ ნაბიჯებთან მიმართებით უკუსვლას წარმოადგენს. ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სიცხადე შეიტანოს თავის განზრახვებში არსებულ მოქმედებათა კურსის ცვლილების საშუალებით, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებამდე მიჰყავს.
2. ევროპული საბჭო მოუწოდებს, რომ საქართველოში შეწყდეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმის მზარდი შემთხვევები. საბჭო კვლავ აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, არსებითია იმ ღირებულებებისა და პრინციპების პატივისცემა, რომელსაც ევროკავშირი ეფუძნება.
3. ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ საპარლამენტო არჩევნები ამ შემოდგომაზე იყოს თავისუფალი და სამართლიანი და მხარს უჭერს პარტნიორების მხრიდან არჩევნებზე გრძელვადიან და მოკლევადიან სიღრმისეულ დაკვირვებას. საბჭო სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას განაგრძობს.
4. ევროპული საბჭო კვლავ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ის კიდევ ერთხელ გამოხატავს მტკიცე სოლიდარობას საქართველოს მოსახლეობისადმი და მზაობას განაგრძოს მისი მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე.
2024 წლის 27 ივნისის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების სრული ტექსტი სრულად (ინგლისურად)