მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გადაწყვეტილებები მიიღო დონალდ ტრამპმა პირველ დღეს?

დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ამერიკელი ხალხის ნებით, მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური თანამდებობა კვლავ დონალდ ტრამპმა დაიკავა, რომელიც მეორე საპრეზიდენტო ვადას ამბიციური მიზნებით და განახლებული შემართებით ხვდება. საქმიანობას მილიარდერი პრეზიდენტი ინაუგურაციის შემდეგ შეუდგა და პირველ რამდენიმე საათში ათობით ახალი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და ათობით ის განკარგულება გააუქმა, რომელზედაც მისი წინამორბედი, დემოკრატი ჯო ბაიდენი ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა.

ერთ-ერთი ყველაზე არატრადიციული გადაწყვეტილება, რომელიც დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის პირველივე დღეს მიიღო — 2021 წლის ექვს იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმზე მიტანილი იერიშისთვის ბრალდებული 1,500-მდე ადამიანის შეწყალება იყო. თავად ეს ფაქტი, რომელსაც პოლიტიკური სპექტრის ლურჯ მხარეს მდგომი ადამიანები ამერიკული დემოკრატიის შავ დღედ, ხოლო წითელ მხარეს მდგომნი ამერიკული პატრიოტიზმის სიმბოლოდ მიიჩნევენ, ერთ-ერთი ყველაზე უცნაური რამ იყო, არც ქვეყნის თანამედროვე მომხდარა. ამ და სხვა ბერკეტებით, დონალდ ტრამპმა მისი მოკავშირეები ფედერალური სასჯელებიდან გაათავისუფლა, რითაც, როგორც თავად ამბობს, სამართლებრივი ინსტიტუტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ბოლო მოუღო.

კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც დონალდ ტრამპმა გუშინ მიიღო ქვეყანაში ჩინური სოციალური ქსელის, TikTok-ის აკრძალვას უკავშირდება. ტრამპის მიერ ხელმოწერილი ამ დოკუმენტით, აკრძალვა 75 დღით გადავადდა, რა დროსაც ჩინურმა ByteDance-მა მისი კომპანიისთვის ამერიკელი მყიდველი უნდა იპოვოს, რათა ბიზნესი მას გადააბაროს. ასე, დაცული იქნება, როგორც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის, ასევე აშშ-ის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ქვეყანაში TikTok-ის არსებობა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს საფრთხის წინაშე აყენებს. TikTok-ის პოტენციურ მყიდველებს შორის განიხილება, როგორც Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელი მარკ ზაკერბერგი, ასევე Tesla-ს და SpaceX-ის მფლობელი ილონ მასკი.

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, რომელიც ბოლო თვეებში დონალდ ტრამპის მარჯვენა ხელი გახდა, ამერიკის შეერთებული შტატების შიდა და საგარეო პოლიტიკაზე გავლენას უკვე ფორმალურადაც მოახდენს, რადგან დონალდ ტრამპის გუშინდელი გადაწყვეტილებით ოფიციალურად დაფუძნდა “სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტი”, რომლის ხელმძღვანელი სწორედ ილონ მასკი იქნება. DOGE-ის აკრონიმით ცნობილი ორგანიზაცია არ არის ტიპური დეპარტამენტი, ანუ სამინისტრო, რადგან ის არის არა კონგრესის მიერ აღიარებული საკონსტიტუციო უწყება, არამედ პრეზიდენტის ოფისთან არსებული საკონსულტაციო საბჭო, რომლის მანდატი ფედერალური ბიუჯეტის მკვეთრი შემცირება იქნება. ამ მხრივ, მთავარ გადაწყვეტილებებს სამომავლოდ უნდა ველოდოთ, მაგრამ ფედერალურ უწყებებში ახალი კადრების აყვანაზე პრეზიდენტმა მორატორიუმი უკვე გუშინ გამოაცხადა.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებებს შორის რამდენიმე აშშ-ის საიმიგრაციო პოლიტიკას უკავშირდება, რომელიც პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიის ქვაკუთხედი იყო. ამ მხრივ, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის რამდენიმე განკარგულება გააუქმა, მათ შორის ის, რომლითაც აშშ-დან ადამიანის დეპორტაციის წინაპირობა მხოლოდ ის იყო, თუკი მას საზღვარზე დააკავებდნენ, ის სერიოზულ დანაშაულს ჩაიდენდა ან ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნიდა. ამრიგად, დეპორტაციას ახლა ყველა არალეგალი იმიგრანტი ექვემდებარება. ამ პოლიტიკის მეტად ეფექტიანად გასატარებლად, აშშ-მექსიკის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ხოლო ტერიტორიაზე მალე ამერიკული ჯარი განთავსდება.

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ასევე უკავშირდება კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას, რომელსაც ეს ადამიანი საერთოდ არ აღიარებს. შედეგად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე მეორედ დატოვა პარიზის კლიმატის შეთანხმება, ანუ ამ მხრივ დონალდ ტრამპმა ის გაიმეორა, რაც პირველად 2017 წელს ვიხილეთ. ამასთან, დონალდ ტრამპი უარს ამბობს ელექტრომობილების განვითარების მანდატზე, რომელიც ქვეყანამ საკუთარ თავს ჯო ბაიდენის მმართველობის პირობებში დაუწესა. კონკრეტულად რას ნიშნავს ეს, ჯერჯერობით, უცნობია, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საავტომობილო ინდუსტრიაში სუბსიდიების ერა დასრულდა.

საპირწონედ ამისა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბუნებრივი წიაღისეულის ინდუსტრიის აღორძინება იწყება, რაც ჯერ კიდევ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოიკვეთა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ამერიკული კომპანიები ნავთობის მოპოვებას მნიშვნელოვნად გაზრდიან, რაც გლობალურ სანავთობო ბირჟაზე საწვავის ფასს შეამცირებს და ამერიკის შეერთებულ შტატებს OPEC-ის სხვა წევრ სახელმწიფოებთან, კერძოდ საუდის არაბეთთან და რუსეთთან მიმართებით მოგებიან პოზიციაში ჩააყენებს. ჭაბურღილების გათხრა და ნავთობის მოპოვების გაზრდა, როგორც ცნობილია, ახალი პრეზიდენტის ამერიკაცენტურლობის პოლიტიკის ქვაკუთხედია.

მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან ძვრებს სოციალური პოლიტიკის მიმართულებითაც უნდა ველოდოთ, რომელიც უმეტესწილად იმ გამოწვევებს აერთიანებს, რაც დონალდ ტრამპის ტიპურ ამომრჩეველს ყველაზე მეტად აწუხებს. ამრიგად, გუშინდელი დღიდან აშშ-ში გაუქმდა ფედერალურ დონეზე არსებული ის პროგრამები, რომლებიც ტრანსგენდერი ადამიანების დაცვას და მრავალფეროვნების წახალისებას ისახავდა. ამასთან, ფედერალური მთავრობის დონეზე აშშ-ში აღიარებული იქნება ადამიანის მხოლოდ ორი სქესი, რომელთა შორის განსხვავება დადგინდება არა ქრომოსომებით, არამედ რეპროდუქციული ორგანოებით, რომლითაც ესა თუ ის ადამიანი დაიბადება. ამ ყველაფერთან ერთად, ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული, ფედერალურ დონეზე, სქესის შეცვლის ოპერაციებზე აღარ დაიხარჯება.

ყველა ზემოხსენებულ გადაწყვეტილებასთან ერთად, დონალდ ტრამპმა გუშინ რამდენიმე სიმბოლური ნაბიჯიც გადადგა. ამ თანრიგის გადაწყვეტილებებს მიეკუთვნება მექსიკის ყურისთვის ახალი სახელის — ამერიკის ყურის დარქმევა. სახელი ასევე შეეცვლება ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლეს მწვერვალს — მთას, რომელსაც ახლა დენალის მთა ჰქვია, მაკკინლის მთა დაერქმევა, ანუ ამ გეოგრაფიულ ადგილს ის სახელი დაუბრუნდება, რომელიც მას ბარაკ ობამას პრეზიდენტობამდე ერქვა. გეოგრაფიის შეცვლასთან ერთად, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ლამაზი ფედერალური სამოქალაქო არქიტექტურის განვითარებას ითვალისწინებს, მაგრამ კონკრეტულად რას ნიშნავს ეს, ჯერჯერობით, უცნობია.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დონალდ ტრამპი ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური და ენერგიით აღვსილი პრეზიდენტია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს ოდესმე ჰქონდა — სულ მცირე, ამაზე მიუთითებს გადაწყვეტილებების მთელი დასტა, რომელიც ამ ადამიანმა სამსახურის პირველ დღეს მიიღო. მხოლოდ დრო გვიჩვენებს, თუ რა კვალს დატოვებს ისტორიის სახელმძღვანელოებში თეთრ სახლში მეორედ გადაბარგებული მილიარდერი დონალდ ტრამპი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები