პრემიერს ბოლო ერთი წლის ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისის პერიოდში მიმდინარეობდა დაცული ტერიტორიების ქსელის განვითარება.
დოკუმენტში, რომლითაც ირაკლი კობახიძე პარლამენტში 28 ივნისს წარდგება წერია, რომ ამ პერიოდში ახალი დაცული ტერიტორიების დაარსების სამუშაოები ჩატარდა, კერძოდ, საქართველოს პარლამენტმა მიიღო „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონი.
შედეგად კი:
- შეიქმნა 15 310 ჰა ფართობის ახალი დაცული ტერიტორია;
- დაიწყო მუშაობა რაჭის დაცული ტერიტორიების გაფართოებისა და განვითარების საკითხზე;
- სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაცული ტერიტორიების დაარსების მიზნით, მიმდინარე ეტაპზე შერჩეულია კომპანია და დაგეგმილია შესაბამისი კვლევების განხორციელება.
„საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობს 690 კმ-მდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკების ქსელის მოწყობის სამუშაოები 8 დაცულ ტერიტორიაზე (ბორჯომ-ხარაგაული, კინტრიში, მტირალა, ქობულეთი, თბილისი, თუშეთი-ფშავ-ხევსურეთი-ყაზბეგის დამაკავშირებელი ბილიკების). 2 დაცულ ტერიტორიაზე დასრულდა ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია (იმერეთისა და ჯავახეთის დაცული ტერიტორიები), ხოლო 8 დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები (თბილისი, ქობულეთი, მარტვილი, ოკაცე, ფშავ-ხევსურეთი, ბორჯომ-ხარაგაული, კოლხეთი, ერუშეთი)“, - წერია ანგარიშში.