უნივერსიტეტის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა 4 დეკემბრიდან ორმხრივად აღდგება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ და მისმა მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეო მიმართვისას ისაუბრეს.
ირაკლი ბენდელიანმა შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ განმარტება გააკეთა და თქვა, რომ ტერიტორიის მოსაწესრიგებლად სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
დასრულდა:
საგზაო სავალი ნაწილი; გარე განათების მონტაჟი; ტროტუარებზე მოეწყო შესაბამისი არხები, სადაც მოხდება საჰაერო სადენების მიწის ქვეშ განთავსება; სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციების ყველა ქსელი და მოეწყო სახანძრო ჰიდრანტები.
მიმდინარეობს:
დახაზვის სამუშაოები; შუქნიშნებისა და გაჩერებების მონტაჟი; ტერიტორიის გამწვანება; არის ლოკალური ადგილები, სადაც ტროტუარების სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, აღნიშნულ ქუჩაზე ასევე იყო საპარკინგე ადგილების პრობლემა. შესაბამისად, რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყო საპარკინგე ადგილებიც, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობდა.
შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 12 ივნისს დაიწყო.