"სილქ როუდ ჯგუფმა" წარმატებით დაასრულა თავისი პირველი საერთაშორისო 400 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციების გამოშვება. 5-წლიანი ობლიგაციების წლიური განაკვეთი 7.5%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ეს ქართული კომპანიის მიერ განხორციელებული უმსხვილესი კერძო კორპორატიული ემისიაა, რომელმაც მიაღწია ქართულ ემიტენტებს შორის ყველაზე დაბალ სპრედს, ისევე, როგორც ქვეყნის პირველი საერთაშორისო ემისია 2024 წლის ივლისის შემდეგ.
ემისიის შესახებ "ბიზნესის კვირეულთან" ინტერვიუში TBC Capital-ის დირექტორმა ოთარ შარიქაძემ და "სილქ როუდ ჯგუფის" ფინანსურმა დირექტორმა ნონა ონიანმა ისაუბრეს.
TBC Capital-ი ტრანზაქციის თანაწამყვანი მენეჯერი იყო. როგორც ოთარ შარიქაძე ამბობს, ემისიას ისიც გამოარჩევს, რომ ძალიან მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა.
"მთლიანად ჯგუფმა ძალიან ბევრი იმუშავა, რომ ეს წარმატება ყოფილიყო რეალური იმიტომ, რომ არ იყო მარტივი მოცემულობა, ყველამ ვხედავთ, რომ გეოპოლიტიკურად მსოფლიოშიც და ჩვენ რეგიონშიც არ არის მშვიდი სიტუაცია, თუმცა მიუხედავად ამისა, ის, რომ "სილქ როუდ ჯგუფი" არის ძალიან მყარი და ისტორიულად მზარდი კომპანია არის, მათ დაადასტურეს ის, რომ შეუძლიათ მსგავსი ტრანზაქციების გაკეთება.
თვითონ ტრანზაქცია რომ გამოვარჩიოთ, ეს არის მოცულობა პირველ რიგში, რა თქმა უნდა, რაც არის ქართული კორპორატიული სექტორისთვის ყველაზე დიდი მოცულობა ევროობლიგაციების კუთხით. მნიშვნელოვანია ის, რომ თვითონ მოთხოვნაც ბაზარზე იყო უპრეცედენტო, სამჯერ მეტი მოთხოვნა იყო, ვიდრე შესაძლებლობა გვქონდა, ანუ მილიარდზე მეტი იყო მოთხოვნა ბაზარზე, რამაც გამოიწვია ის, რომ პროცენტიც, კუპონიც, საკმაოდ დაბალი დარჩა,7.5%-ზე. ჩვენ თავიდან ბაზარზე გავედით მოლოდინით, რომ დაახლოებით 8%-ის ფარგლებში უნდა ყოფილიყო. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიის მდგრადობა, ქართული ეკონომიკა, ქართულ კომპანიებზე მოთხოვნა იმდენად დიდი ყოფილა და ასევე, ალბათ თვითონ კონსულტანტების ჩართულობამაც განაპირობა ის, რომ მოთხოვნამ დაწია კუპონი",- ამბობს ოთარ შარიქაძე.
თავის მხრივ, მოზიდული თანხის მიზნობრიობაზე ისაუბრა ნონა ონიანმა. მან აღნიშნა, რომ თანხა არსებული ვადლდებულებების დაფარვას და ასევე, ახალ პროექტებს მოხმარდება.
"დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა ეს იდეა და გეგმა ჯგუფის შიგნით, ეს არ არის ერთ დღეში მოფიქრებული ამბავი. ძალიან კომპლექსური ნაბიჯების გადადგმა დაგვჭირდა ჯგუფის შვილობილი კომპანიების დონეზე. Silknet-ი არაერთხელ ყოფილა ემიტენტი, როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო ბაზარზე, Silk Real Estate-ის მიმართულებით გავაკეთეთ რამდენიმე ძალიან საინტერესო ინსტრუმენტი ჩვენს პარტნიორ ბანკებთან ერთად და ყველაფერმა ამან მოამზადა ჯგუფი იმისთვის, რომ ჩვენ საერთაშორისო ბაზარზე კიდევ უფრო დიდი ემისიით გავსულიყავით და ეს ნდობა ინვესტორებთან უკვე გენერირებული დაგვხვდა.
რაც შეეხება მიზნობრიობას, ამან მოგვცა საშუალება, არსებული ყველა დავალიანება, ბონდების, კომერციულ ბანკში დავალიანებების სახით, გადაგვეფარა და გაგვეუმჯობესებინა იქ არსებული საპროცენტო განაკვეთები. მეორე არის რა თქმა უნდა, ახალი პროექტების განვითარება. ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს ფაიფლაინში, როგორც არსებული ბიზნესების დახვეწისთვის, ახალი ინოვაციების შეტანისთვის არსებულ ბიზნესებში, ასევე სრულიად ახალი წამოწყებები, განსაკუთრებით უძრავი ქონების მიმართულებით და ის თანხები, რაც მოვიზიდეთ, მოგვცემს საშუალებას, რომ ამ პროექტებს წარმატებით შევასხათ ხორცი",- აცხადებს ნონა ონიანი.




























