მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა გამოწვევები შეიძლება ახლდეს საბანკო გადახდებში "სმარტ როუტინგის" დანერგვას - Mastercard-ის შეფასება

დავით ზღუდაძე

Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში აცხადებს, რომ საქართველოში საბანკო ბარათებით გადახდებში "ჭკვიანი მარშრუტიზაციის" ანუ ე.წ. სმარტ როუტინგის დანერგვას შესაძლოა, გარკვეული გამოწვევები ახლდეს.

როგორც დავით ზღუდაძე BMG-სთან განმარტავს, მოსალოდნელია, რომ “სმარტ როუტინგის” დანერგვაში ადგილობრივი კომპანიები იქნებიან ჩართულები, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში Mastercard-ის ინფრასტრუქტურა აღარ იქნება გამოყენებული.

დავით ზღუდაძე არ გამორიცხავს, რომ წარმოიქმნას ისეთი გამოწვევები როგორიცაა ოპერაციების შეყოვნება და ა.შ.

“გლობალურად Mastercard ზუსტად “სმარტ როუტინგს” აკეთებს. შესაბამისად, ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია გამოიყენოს როგორც ლოკალური ინფრასტრუქტურა, ისევე ჩვენი ინფრასტრუქტურა. იმიტომ რომ ჩვენ ფაქტობრივად უზრუნველვყოფთ დაცულობას, ის თანამედროვე ტექნოლოგიები რაც გააჩნია „მასტერქარდს“ გლობალურად, გამოიყენება თუნდაც ლოკალური გადახდის შემთხვევაში. თუმცა ნებისმიერ ქვეყანას და მოთამაშეს შესაძლებლობა აქვს, რომ გამოიყენოს თავისივე ინფრასტრუქტურა. აქედან გამომდინარე, ჩვენ აქ დიდად ვერ ვხედავთ რაღაც სირთულეს, თუმცა რაღაც ნაწილში შესაძლებელია, რომ წარმოიქმნას პრობლემები, [რადგან] ჩვენი გლობალური ტექნოლოგიური გადაწყვეტილების შემთხვევაში, მდგრადობის უფრო მაღალ ხარისხს ვთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით.

შეიძლება შეყოვნებული იყოს რაღაც ტიპის ოპერაცია, არ გავიდეს დროულად, იმიტომ რომ, როდესაც ჩვენ გვაქვს რამდენიმე სხვადასხვა არხი, როდესაც დაზღვევას ვახორციელებთ, ზუსტად ეს არის როდესაც Mastercard-ის ინფრასტრუქტურით სარგებლობს მომხმარებელი როგორც ლოკალურად, ისე გლობალურად, ფაქტობრივად მომხმარებელს აქვს აბსოლუტურად იდენტური სერვისი, იგივე გამტარობა. აქ ლოკალურად რა გადაწყვეტილება იქნება, ამ ნაწილში უკვე ჩვენ ვეღარ ავიღებთ ჩვენს თავზე თუნდაც უსაფრთხოების ან საიმედოობის რაიმე ტიპის გარანტიას.

“სმარტ როუტინგი” ნიშნავს, რომ ამ ნაწილში ჩვენ არ ვიქნებით პროცესის მონაწილე, ეს მოხდება სხვა ან ლოკალური მოთამაშის მიერ და ამ შემთხვევაში ჩვენ ვერ ვიქნებით გარანტორი, რომ ის ოპერაცია, რომელიც შესრულდება, შესრულდება ზუსტად იგივე დაცვით, დროით თუ უსაფრთხოების დაცვით, რა შემთხვევაშიც ჩვენ ვიქნებოდით", - განაცხადა დავით ზღუდაძემ.

კითხვაზე, საბანკო ბარათებით გადახდებში "ჭკვიანი მარშრუტიზაციის" დანერგვა ხომ არ შეამცირებს Mastercard-ის ოპერაციებს საქართველოში, დავით ზღუდაძე ამბობს, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა.

"არ მგონია, რომ [ჩვენს ოპერაციებს შეამცირებს საქართველოში] იმიტომ რომ ყველა ვარიანტში, ამასთან ერთად, მომხმარებელი იმდენად მიდის გაციფრულებისკენ, რომ ინტენსიურად იყენებს თუნდაც მობილური ტელეფონით გადახდებს Apple Pay, Google Pay... ამ შემთხვევაში, მაინც საჭიროა, რომ ჩვენს ინფრასტრუქტურას დაუკავშირდეს, რომ მოახდინოს გადახდა”, - განაცხადა დავით ზღუდაძემ.

ცნობისთვის, საგადახდო ბარათების მომსახურების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები საქართველოში საბანკო გადახდებში "სმარტ როუტინგის" დანერგვას ითვალისწინებს, თუმცა ჯერჯერობით ახალ მოდელთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის კონკრეტული წესი და რეგულაციები ცნობილი არაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები