[ქვეყანაში განვითარებული მოვლენები] ღვინის ტურიზმზე აისახა, - ამის შესახებ BM.GE-სთან ატენის ხეობაში, სოფელ წედისში მდებარე მეღვინეობა Andro’s wine art-ის დამფუძნებელმა, ანდრო ბარნოვმა ისაუბრა.
მისივე ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ მცირე მეღვინეებს დიდი შემოსავლები არ აქვთ, მარნებს ვენახის მოსავლელად ტურისტებისთვის ღვინის ტურიზმის შეთავაზება უწევდათ, რომ შემოსავლები დაეგენერირებინათ. თუმცა, შემცირებული ტურისტული ნაკადები, პირდაპირპროპორციულად აისახა ამ მიმართულებაზეც და ღვინის ტურიზმში მნიშვნელოვანი კლება შეინიშნება.
"ღვინის ტურიზმის კუთხით, ძალიან ბევრი წინასწარი ჯავშანი, რომელიც 1 და 2 წლით ადრე იყო ჩანიშნული გაუქმდა. საქართველოში განვითარებული მოვლენები ძალიან ურტყამს ტურიზმს, მათ შორის ჩვენც, მეღვინეებს. ვერ გეტყვით, რომ მოთხოვნა განულდა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი შემცირებაა.
ეს არ არის ჩვენთვის უმნიშვნელო, რადგან ჩვენი შემოსავლები არ არის დიდი, რაც შეგიძლიათ წარმადობიდან გამომდინარე წარმოიდგინოთ. ვენახის მოვლის სამუშაოების განხორციელებაში ტურიზმი გვეხმარება ხოლმე. თუმცა, როდესაც ასეთი ფაქტი დგება, მაშინ უფრო რთული ხდება ხოლმე”, - ამბობს მეღვინე.
მისივე ცნობით, გარდა საქართველოში განვითარებული მოვლენებისა, კრიზისია გლობალურ ბაზარზეც რაც ზოგადად გაყიდვებზე აისახება. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მათ მცირე წარმოება აქვთ, ამასთან პროდუქცია დივერსიფიცირებულია, მათი ღვინის გაყიდვა ექსპორტზე პრობლემას ნაკლებად წარმოადგენს.
"კრიზისი გარდა საქართველოსი, ზოგადად გლობალურია. ხალხმა ფულის დაზოგვა დაიწყო და გასართობად რესტორნებში ნაკლებად დადიან. ეს ხდება გერმანიაში, საფრანგეთში და სხვა ქვეყნებშიც. ეს ბუნებრივია გაყიდვებზეც აისახა. მაგალითად, თუ ვინმეს პირობითად 10 ბოთლი ღვინო მიჰქონდა, ახლა 3 ბოთლს თუ წაიღებს. ამის მიუხედავად, ჩვენთვის გაყიდვები არ შემცირდა, რადგან ბაზრის დივერსიფიკაცია დავიწყეთ.
იმის გამო რომ პროდუქცია ცოტა გვაქვს, ამის გაყიდვა შეუძლებელი არ არის, შესაბამისად ღვინის გაყიდვებზე ეს არ ასახულა", - აცხადებს ბარნოვი.
ინფორმაციისთვის, მეღვინეობა Andro’s wine art ბაზარზე 2016 წელიდან ოპერირებს და მომხმარებელს ნატურალურ, ქართლისა და მცირე რაოდენობით კახურ ღვინოს სთავაზობს, რომელიც რამდენიმე წელი ვარგდება და შემდეგ უკვე ბოთლებში ასხამენ. მეღვინეობა წლიურად დაახლოებით 12-15 სახის ღვინოს აწარმოებს, რომელთა მოცულობები წარმადობის პიკზე 8000 ბოთლს არ სცდება.