მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოწვევების გადალახვა უწევთ ქართულ ბრენდებს საერთაშორისო აღიარებისთვის? - SITUATIONIST-ის გამოცდილება

situationist

პარიზის მოდის კვირეულის ოფიციალურ კალენდარში პოზიციონირება ბრენდებისგან არა მხოლოდ კრეატიულ, არამედ გამართულ საოპერაციო და ლოგისტიკურ მოდელს მოითხოვს. ქართული მოდის ბრენდი SITUATIONIST უკვე შვიდი წელია, ამ პლატფორმის ნაწილია, თუმცა საქართველოს მსგავსი მცირე ბაზრიდან გლობალურ ასპარეზზე გასვლა და დამკვიდრება არაერთ სტრუქტურულ, საკადრო და ფინანსურ გამოწვევას უკავშირდება.

SITUATIONIST-ის თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი ირაკლი რუსაძე BM.GE-სთან საუბრობს იმ ლოგისტიკურ და ოპერაციულ გამოწვევებზე, რომელთა გადალახვაც ბრენდს ასპარეზზე თავის დასამკვიდრებლად უწევს.

როგორც ის აღნიშნავს, საფრანგეთში მოდის ინდუსტრია ეკონომიკის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მხარდაჭერასა და მრავალწლიან ტრადიციას ეყრდნობა. საქართველოში კი ეს სექტორი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების ფაზაშია, რაც ქართული ბრენდებისგან ასმაგ შრომას მოითხოვს.

"როდესაც ხარ საქართველოში პატარა ბრენდი და გაქვს ამბიცია, რომ იყო იმავე კალენდარში, სადაც ისეთი გიგანტებია წარმოდგენილი, როგორებიცაა Chanel, Dior და Louis Vuitton, ეს ქართველისთვის ალბათ ასმაგად უფრო რთულია, ვიდრე, ვთქვათ, საფრანგეთში დაარსებული ბრენდისთვის. იქ მოდის სფერო უზარმაზარი ინდუსტრია და მათი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ჩვენთან ჯერჯერობით ეს რეალობა არ გვაქვს და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიღებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, რომ ქვეყანაში ეს ინდუსტრია შეიქმნას.

აქედან გამომდინარე, ბევრი სირთულეა. სანამ აქამდე მოვიდოდით, ძალიან ბევრი პრობლემური სიტუაცია გავიარეთ. ზოგადად, ეს საკმაოდ ჩაკეტილი სფეროა და საქართველოდან ბრენდს ბევრად მეტი ძალისხმევა სჭირდება, რათა დაამტკიცოს, რომ ნამდვილად იმსახურებს ამ კვირეულზე ყოფნას და იქ საკუთარი ქვეყნის წარდგენას", - ამბობს ირაკლი რუსაძე.

მისი თქმით, გლობალურ ბაზარზე ქართული მოდის მიმართ ინტერესის გაჩენას საფუძვლად რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი დაემთხვა. ბრენდის განვითარების საწყის ეტაპზე გადამწყვეტი როლი როგორც ლოკალურმა პლატფორმებმა, ისე საერთაშორისო ასპარეზზე ქართველი დიზაინერების წარმატებამ ითამაშა.

"ჩვენი დაწყების პერიოდში ორი ფაქტორი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო მერსედეს ბენცის მოდის კვირეული და სოფო ჭყონია, რომელმაც უზარმაზარი შრომა ჩადო იმისთვის, რომ ქართული ბრენდები დასავლური მარკეტისთვის საინტერესო გამხდარიყო. ამასთანავე, კვირეულების დაწყება დაემთხვა პერიოდს, როდესაც დემნა გვასალია Balenciaga-ს კრეატიულ დირექტორად დაინიშნა. ამ მოვლენამ, რა თქმა უნდა, საგრძნობლად გააღრმავა საერთაშორისო პრესისა და მყიდველების ინტერესი ისეთი პატარა ქვეყნის მიმართ, როგორიც საქართველოა", - ამბობს SITUATIONIST-ის თანადამფუძნებელი.

ირაკლი რუსაძის თქმით, ბრენდისგან დიდ საორგანიზაციო რესურსს მასალების მოძიება, ხარისხიანი თარგების შექმნა და ზომების ზუსტი გრადაცია მოითხოვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შესაბამისი ნედლეულის ბაზა ქვეყანაში თითქმის არ არსებობს.

"ამ წარმატების მიღმა დგას ჩვენი გუნდის - მკერავების, კონსტრუქტორებისა და გამომჭრელების უდიდესი შრომა. ისინი მუდმივად ვითარდებოდნენ და არ ჩერდებოდნენ იმ კვალიფიკაციაზე, რაც თავიდან ჰქონდათ, რათა მაქსიმალურად მაღალი ხარისხის პროდუქტი მიგვეღო. ტანსაცმლის ტექნოლოგია, ქსოვილების სწორი შერჩევა, ძვირფასი მასალის მოძიება, სწორად გამოჭრილი თარგები, რომლებიც სხეულს კარგად ერგება, ზომების გრადაცია - ეს ყველაფერი ძალიან დიდ და რთულ სტრუქტურას მოიცავს.

ნედლეულის, ძირითადად კი ქსოვილების მოძიება ქვეყნის შიგნით შეუძლებელია, ამიტომ მასალების იმპორტი ძირითადად იტალიიდან და იაპონიიდან ხდება", - ამბობს რუსაძე.

მცირე ბრენდებისთვის, რომლებიც გაყიდვებს ონლაინარხებითა და გლობალური შოურუმების საშუალებით ახორციელებენ, ერთ-ერთ უმთავრეს დაბრკოლებად ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკის ხარჯებიც მიიჩნევა.

"თავიდან ყველაზე მწვავე პრობლემას სწრაფი საფოსტო გზავნილების მაღალი ტარიფები წარმოადგენდა. ეს ნივთის საბოლოო ღირებულებას საგრძნობლად ზრდიდა. ხშირად ხდება, რომ მომხმარებელს ამერიკაში ან ევროპაში ნივთის მიღება ორ-სამ დღეში სურს, ტრანსპორტირების სერვისი კი მთლიანი ფასის საკმაოდ დიდ პროცენტს შეადგენდა.

თუმცა, ამ პროცესში მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის დაუბეგრავი რეჟიმი გვაქვს. როდესაც პროდუქცია უცხოეთში იგზავნება და დღგ არ ირიცხება, ეს ჩვენთვის გარკვეული შეღავათია", - აღნიშნავს დიზაინერი.

ტექნიკური და ფინანსური გამოწვევების გარდა, SITUATIONIST-ისთვის ერთ-ერთი გამოწვევა ადამიანური რესურსების მართვა და კვალიფიციური კადრების მოძიებაა. იმის გათვალისწინებით, რომ ბრენდი მასობრივ წარმოებას ემიჯნება და თითოეულ სამოსს ერთი კონკრეტული მკერავი თავიდან ბოლომდე ხელით ქმნის, მოთხოვნები კადრების მიმართ სტანდარტულზე ბევრად მაღალია.

"ჩვენს ბაზარზე კვალიფიციური კადრების მოძიება ძალიან რთულია. კომპანიას აქვს ძალიან მაღალი სტანდარტები და მოთხოვნა ხარისხზე, ადგილობრივ ბაზარზე კი ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისაც ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილება შეუძლია. ჩვენთან მუშაობისთვის მხოლოდ ტექნიკური გამოცდილება არ არის საკმარისი - ეს პროცესი მოითხოვს გარკვეულ ნიჭს, დეტალებზე ორიენტირებას, სიღრმისეულ ცოდნასა და მუდმივი განვითარების სურვილს. სამწუხაროდ, ასეთი მიდგომა ყველას არ გააჩნია. რადგან ქვეყანაში ეს ინდუსტრია არ არის განვითარებული, ბევრი მსგავსი პატარ-პატარა პრობლემა იჩენს თავს", - ამბობს ირაკლი რუსაძე.

არსებული საოპერაციო ბარიერების მიუხედავად, SITUATIONIST განვითარების მომდევნო ეტაპზე გადადის, რაც როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მიმართულებების გააქტიურებას გულისხმობს. თბილისში პირველი ფლაგმანური მაღაზიის გახსნით ბრენდი ადგილობრივი ბაზრის ათვისებასა და შესწავლას იწყებს. პარალელურად, კომპანია გეგმავს საწარმოო გუნდის გაფართოებას და მუშაობს ახალ კოლაბორაციულ პროექტებზე. უახლოეს პერიოდში ბრენდის მთავარი მიზანი ოქტომბრის დასაწყისში დაგეგმილ პარიზის მოდის კვირეულზე 2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის წარდგენაა, რისთვისაც მოსამზადებელი პროცესი უკვე აქტიურ ფაზაშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები