მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტანსაცმლის უმსხვილესი საცალო სავაჭრო ჯგუფები მსოფლიოში

inditex

მოდის საცალო ვაჭრობის (რითეილის) ინდუსტრია კვლავ გლობალური ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტულ სექტორად რჩება. წამყვანი კომპანიები მილიარდობით დოლარის წლიურ შემოსავალს ფართო საცალო ქსელების, ელექტრონული კომერციის პლატფორმებისა და მსოფლიოში აღიარებული ბრენდების მეშვეობით გამოიმუშავებენ.

2025 წლის შემოსავლების მიხედვით (აშშ დოლარში), მსოფლიოს უმსხვილესი მოდის საცალო სავაჭრო ჯგუფები მომხმარებელთა ცვალებად გემოვნებასთან ადაპტაციისა და საერთაშორისო ბაზარზე წარმომადგენლობის გაფართოების უნარს აჩვენებენ:

რეიტინგის სათავეში ესპანური Inditex-ია, რომელიც მსოფლიოს მოდის უმსხვილესი რითეილ ჯგუფია 45.3 მილიარდი დოლარის წლიური შემოსავლით. კომპანია მართავს რამდენიმე ცნობილ ბრენდს, მათ შორის: Zara, Pull&Bear, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Oysho და Zara Home.

შვედური H&M-ი 23.7 მილიარდი დოლარის შემოსავლით მეორე ადგილს იკავებს. H&M-მა, რომელიც ხელმისაწვდომი ტანსაცმლითაა ცნობილი, ბოლო წლებში გლობალური წარმომადგენლობა გააძლიერა და პარალელურად, მდგრადი განვითარების ინიციატივები და ციფრული საცალო ოპერაციები გააფართოვა. კომპანია აგრძელებს ინვესტირებას როგორც ფიზიკურ მაღაზიებში, ისე ონლაინ გაყიდვებში.

იაპონური Fast Retailing-ი მესამე ადგილზეა 22.1 მილიარდი დოლარის შემოსავლით. კომპანია, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია თავისი ფლაგმანი ბრენდით - Uniqlo, აქცენტს არა სწრაფად ცვალებად მოდის ტენდენციებზე, არამედ მაღალი ხარისხის ყოველდღიურ ტანსაცმელზე აკეთებს. ფუნქციონალურ სამოსზე ორიენტირებამ და საერთაშორისო გაფართოებამ კომპანიის სტაბილური ზრდა უზრუნველყო აზიაში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

ამერიკის შეერთებული შტატები რეიტინგში რამდენიმე მსხვილი რითეილერით არის წარმოდგენილი. მათ შორის ყველაზე მაღალ, მეოთხე პოზიციას იკავებს Gap Inc.-ი, რომლის წლიურმა შემოსავალმაც ისეთი ბრენდების მეშვეობით, როგორებიცაა Gap, Old Navy, Banana Republic და Athleta, 15.4 მილიარდი დოლარი შეადგინა. მას მოსდევს კანადური Lululemon Athletica 11.1 მილიარდი დოლარით, რაც პრემიუმ კლასის სპორტული და ყოველდღიური ტანსაცმლის მზარდ პოპულარობას ასახავს.

გაერთიანებული სამეფოს Next plc-ის შემოსავალმა 9.3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ფიზიკური მაღაზიების, ონლაინ გაყიდვებისა და პარტნიორი ბრენდების წარმატებული კომბინაციითაა განპირობებული. ამავდროულად, კომპანია PVH Corp.-მა, რომელიც ფლობს Calvin Klein-სა და Tommy Hilfiger-ს, 9.0 მილიარდი დოლარის შემოსავალი დააფიქსირა, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი ბრენდების გლობალური სიძლიერე.

Ralph Lauren Corp.-მა მერვე ადგილი დაიკავა 8.1 მილიარდი დოლარის შემოსავლით. მისი კლასიკური, ძვირადღირებული სამოსი და აქსესუარები კვლავინდებურად პოპულარულია მთელ მსოფლიოში. მას მოსდევს Victoria's Secret & Co. 6.8 მილიარდი დოლარით, რომელიც ინარჩუნებს პოზიციას, როგორც თეთრეულისა და თავის მოვლის საშუალებების წამყვანი რითეილერი, და პარალელურად ახდენს საკუთარი ბრენდის იდენტობის მოდერნიზებას თანამედროვე მომხმარებლისთვის.

ათეულს Urban Outfitters Inc.-ი ასრულებს, რომლის შემოსავალმაც 6.2 მილიარდი დოლარი შეადგინა ისეთი ბრენდების მეშვეობით, როგორებიცაა Urban Outfitters, Anthropologie, Free People და Nuuly. კომპანია ახალგაზრდა მომხმარებლების მიზიდვას მოდური ტანსაცმლის, ყოველდღიური პროდუქტებისა და ციფრული ინოვაციების კომბინაციით ცდილობს.

ჯამში, ამ ათმა საცალო სავაჭრო ჯგუფმა 2025 წელს 156 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. ეს გლობალური მოდის ინდუსტრიის სიძლიერეზე მიუთითებს, მიუხედავად ცვალებადი ტენდენციების, ეკონომიკური გაურკვევლობისა და ონლაინ-პლატფორმების მხრიდან მზარდი კონკურენციისა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები