ტიხრული მინანქრის მწარმოებელი სოციალური საწარმო „იკორთა“ გაფართოვდა და საქმიანობას სრულად განახლებულ სივრცეში აგრძელებს. ამის შესახებ BM.GE-სთან ინტერვიუში საწარმოს კომუნიკაციების მენეჯერმა, ანა ახლოურმა განაცხადა.
მისი თქმით, განახლებული სივრცე 2025 წლის მარტიდან ფუნქციონირებს და უკვე საგანმანათლებლო დატვირთვაც შეიძინა.
„საბედნიეროდ, შევძელით ჩვენი მიზნის შესრულება და სრულად განვაახლეთ სივრცე. სახელოსნო გადავაკეთეთ ისეთ გარემოდ, რომელიც უფრო მეტად ჰგავს ნამდვილ პროფესიულ სამუშაო სივრცეს და ამავდროულად მიმზიდველია როგორც ტურისტებისთვის, ისე სხვა მომხმარებლებისთვის. ეს ცვლილება მნიშვნელოვანია როგორც სტუმრებისთვის, ისე ჩვენი ქალბატონებისთვის, ვინც აქ მუშაობენ“, – განაცხადა ანა ახლოურმა.
მისი ინფორმაციით, გაფართოების ფარგლებში არსებულ სივრცეს ორი ოთახი დაემატა, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს, ერთდროულად უფრო დიდი ჯგუფები მიიღოს და მასტერკლასების რაოდენობა გაზარდოს.
„აქამდე ერთ ჯგუფში 10-ზე მეტ მონაწილეს ვერ ვიღებდით, რაც საკმაოდ დიდ დისკომფორტს გვიქმნიდა. ახლა უკვე შეგვიძლია უფრო დიდი ჯგუფების მიღება და ეს პირდაპირ გვაძლევს შესაძლებლობას, გავზარდოთ მომხმარებლის ბაზა“, – აღნიშნა მან.
მისი შეფასებით, მასტერკლასებზე მოთხოვნა წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუ გასულ წელს საწარმომ დაახლოებით 50-60 სემინარი ჩაატარა, წელს უკვე 80 მასტერკლასი არის დაჯავშნილი, ძირითადად ტურისტული კომპანიების მხრიდან.
„ახალი ტურისტული კომპანიები გამოჩნდნენ, რომლებმაც ჩვენი მასტერკლასები საკუთარ პაკეტებში ჩასვეს. ასეთი უკვე 4-5 ტურისტული კომპანიაა. ეს ტენდენცია წელს ბევრად უფრო მზარდია, ვიდრე წინა წლებში“, – ამბობს ახლოური.
მისივე შეფასებით, მასტერკლასები ხელს უწყობს არა მხოლოდ მომსახურების მიმართულებით შემოსავლების ზრდას, არამედ სამკაულის რეალიზაციასაც, რაც ადგილობრივ ბაზარზე მაღალი კონკურენციის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„ქართული ბაზარი სამკაულის კუთხით საკმაოდ გაჯერებულია და მარკეტინგის მინიმალური ხარჯებით კონკურენცია რთულია. მასტერკლასები კი გვეხმარება, რომ გაყიდვებიც წავახალისოთ. ჩვენი გამოცდილება ასეთია – ტურისტულ სეზონზე მოთხოვნა ზოგჯერ აჭარბებს კიდეც მიწოდებას, რადგან რესურსები შეზღუდული გვაქვს. არატურისტულ სეზონზე კი გვინდა, სტაბილურად მაღალი შემოსავლები გვქონდეს და ამისთვის საერთაშორისო გაყიდვებზე, მათ შორის Etsy-ზე, ვზრდით აქცენტს“, – განმარტავს ის.
მისივე თქმით, გამოწვევად რჩება ამერიკულ ბაზარზე გაზრდილი ტარიფები, თუმცა ონლაინ გაყიდვების გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.
სოციალური მისიის ფარგლებში, გასული წლისა და მიმდინარე წლის დასაწყისში საწარმომ ოთხი ჯგუფის ქალბატონები გადაამზადა, მათ შორის ახალგაზრდები – სრულიად უფასოდ : „ჩვენთვის სოციალური მიზანი ძალიან მნიშვნელოვანია. გვინდა, გავზარდოთ თანამშრომლების რაოდენობა, გავაგრძელოთ კურსები და შევქმნათ როგორც თვითდასაქმების, ისე ჩვენს გუნდში დასაქმების შესაძლებლობა“, – აღნიშნა ახლოურმა.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე „იკორთა“ ორ ძირითად მასტერკლასს სთავაზობს მომხმარებლებს. სტანდარტული შეთავაზების მინიმალური ფასი 130 ლარია და მასში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ასაკისა და უნარის მქონე ადამიანს. ინდივიდუალური მასტერკლასის ღირებულება კი დაახლოებით 300 ლარს შეადგენს და სრულად მორგებულია მონაწილეზე.
სოციალური საწარმო „იკორთა“ 2011 წელს, წეროვნის დევნილთა დასახლებაში დაიწყო საქმიანობა. მისი მიზანი ადგილობრივი ქალებისთვის დასაქმებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის შესაძლებლობების შექმნაა.




























