ავეჯის მწარმოებელი კომპანია „წუნდას“ წარმოების დირექტორი, ირაკლი ნათენაძე BM.GE-სთან ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათთვის ყველაზე დიდი პრობლემა განსხვავებული პროდუქციის წარმოება და კვალიფიციური კადრებია.
მისივე ცნობით, დანადგარები, რომლებსაც ისინი იყენებენ, მას საქართველოში ანალოგი არ აქვს და სპეციალისტი სჭირდებათ, რაც ბაზარზე გამოწვევაა.
„ჩვენ მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქციას ვაწარმოებთ, რომელშიც კონკურენცია ფაქტობრივად არ გვაქვს. კონკურენცია არის დაბალ სეგმენტში. პატარა საწარმოებისთვის მომსახურების სერვისი გვაქვს, რომელიც სხვადასხვა ავეჯის წარმოებაში დახმარებას უწევს და ემსახურება.
ჩვენთვის ქართულ ბაზარზე სიახლის შექმნა და კვალიფიციური კადრები გამოწვევაა. დანადგარები, რომლებიც შევიძინეთ, საქართველოში ანალოგი არ აქვს და შესაბამისი სპეციალისტი სჭირდება, რაც ბაზარზე გამოწვევაა. ამიტომ, ინსტრუქტორების ჩამოყვანა და კადრების გადამზადება გვიწევს ხოლმე. ამჟამად საწარმოში 70-მდე ადამიანს ვასაქმებთ.
ჩვენ პროდუქციაზე, დამკვეთი 3-5 წლიან გარანტიას იღებს, რომელსაც დაზიანების შემთხვევაში უსასყიდლოდ აღვუდგენთ,“- აცხადებს ნათენაძე.
მისივე ცნობით, კომპანიას საექსპორტო ბაზრებზე ნიმუშები აქვს გაგზავნილი და ნახევარფაბრიკატების, კერძოდ კარის, სკამის ან სხვადასხვა ავეჯის ნაწილების ექსპორტი იგეგმება.
ამასთან, „წუნდა“ კახეთის გზატკეცილზე 600 კვ.მ ფართობზე საგამოფენო სივრცის აშენებას აპირებს. ობიექტის გახსნა მომავალ წელს იგეგმება, ხოლო არსებულ სივრცეში, რომელსაც საწარმოს საგამოფენო სივრცის ფუნქციაც აქვს შეთავსებული, მხოლოდ საწარმოდ გადაკეთდება. გარდა ამისა, კომპანიას სამომავლო პერსპექტივაში, საკუთარი ბრენდირებული მაღაზიის გახსნაც აქვს დაგეგმილი.
„ამ ეტაპზე გზის გაჭრის ნებართვას ველოდებით, ასევე საპარკინგე ზოლი და სხვადასხვა აქტივობებია ჩასატარებელი. ამ სივრცის აშენება საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ჯერჯერობით ინვესტიციებზე ინფორმაცია არ გვაქვს,“- განმარტავს კომპანიის საწარმოო დირექტორი.
ინფორმაციისთვის, ავეჯის საწარმო "წუნდა" ბაზარზე მრავალწლიანი ისტორიით ოპერირებს და მომხმარებელს ავეჯის მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს.