"ქართული მოცვის სექტორი არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, დაწყებული კლიმატური პირობებით, დასრულებული სამუშაო ძალის მწვავე დეფიციტით" - მიმდინარე სეზონის სირთულეებსა და სახელმწიფოს ინიციატივებზე კომპანია "ბლუბერიას" დირექტორმა, დავით დობორჯგინიძემ გადაცემა "ანალიტიკაში" ისაუბრა.
მისი თქმით, წლევანდელი სეზონი საქართველოში დაახლოებით ორკვირიანი დაგვიანებით დაიწყო, რაც უამინდობამ განაპირობა. დობორჯგინიძის შეფასებით, მიმდინარე წელი ერთ-ერთი ყველაზე რთული იქნება, რადგან არახელსაყრელი ამინდები მოსავლის აღების პროცესს დღემდე აფერხებს.
"ამ ეტაპზე, როცა უკვე კრეფის სეზონია, ისევ და ისევ კლიმატური პირობების გამო ძალიან გვიჭირს კრეფა, იმიტომ რომ კვირაში დაახლოებით სამი-ოთხი დღე მინიმუმ წვიმს, შესაბამისად ძალიან გართულებულია აღნიშნული პროცესი", - აცხადებს დობორჯგინიძე. მისივე თქმით, კლიმატზე დამოკიდებულების შესამცირებლად კომპანია სამომავლოდ წარმოების სხვა მოდელებზე, მათ შორის სასათბურე მეურნეობების განვითარებაზე ფიქრობს.
მოცვის სექტორისთვის ამ ეტაპზე ყველაზე კრიტიკულ გამოწვევად დობორჯგინიძე მუშახელის სიმცირეს ასახელებს. ვინაიდან არახელსაყრელი ამინდების გამო მოსავლის ასაღებად მცირე დრო რჩება, ყველა ბაღს ერთდროულად სჭირდება დიდი რაოდენობით დამხმარე ძალა, რასაც ადგილობრივი ბაზარი ვერ აკმაყოფილებს.
კომპანიის დირექტორის თქმით, ამ საკითხის მოგვარება სახელმწიფოს ჩარევის გარეშე შეუძლებელია და უცხოური მუშახელის შემოყვანა უკვე განიხილება: "მინისტრს ვთხოვეთ მუშახელთან დაკავშირებით დახმარება, რომ მოხდეს მუშახელის იმპორტი მომავალ პერიოდებში... ეს რეკომენდაცია კი არ არის, უკვე აუცილებლობაა, იმიტომ რომ ბაზარზე არის სერიოზული დეფიციტი",- აცხადებს ის.
25 ივნისს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, დავით სონღულაშვილთან შეხვედრა გაიმართა, სადაც უწყებამ ექსპორტიორებს ბაზრების დივერსიფიკაცია და "ექსპორტიორთა საბჭოს" შექმნა შესთავაზა.
სამინისტროს ინიციატივაზე, რომელიც კვარტალში ერთხელ "ექსპორტიორთა საბჭოს" შეკრებას გულისხმობს, დობორჯგინიძე აღნიშნავს, რომ კომუნიკაციის გაუმჯობესების შესაძლებლობას ბიზნესი მიესალმება.
"კიდევ ერთი საბჭო ალბათ უფრო დამატებითი ატრიბუტია და ხელისშემშლელი ნამდვილად არ იქნება. რაც მეტი ინფორმაცია ექნება ხელისუფლებას ამ თუ იმ პრობლემაზე, მით უკეთესი. მე მივესალმები ნებისმიერ იდეას, სადაც კომუნიკაცია უფრო დახვეწილი და მრავალმხრივი იქნება", - აღნიშნავს "ბლუბერიას" დირექტორი.
შეხვედრაზე სამინისტრომ ექსპორტიორებს ბაზრების დივერსიფიკაციისთვის ძირითადად ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები (უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი) შესთავაზა. დობორჯგინიძე მიიჩნევს, რომ წარმოების ზრდასთან ერთად ნებისმიერი ახალი ბაზრის ათვისება აუცილებელია, რათა ჭარბმა მოსავალმა ფასების მკვეთრი ვარდნა არ გამოიწვიოს.
რაც შეეხება ევროპულ მიმართულებას, დობორჯგინიძე განმარტავს, რომ ევროკავშირთან ექსპორტის შეფერხება პოლიტიკურ ან ბიუროკრატიულ ბარიერებთან კავშირში არ არის. მთავარი პრობლემა ქართველი ფერმერების მხრიდან ხარისხობრივი სტანდარტების დაკმაყოფილებაა.
"ევროპას აქვს მაღალი სტანდარტი, რომელსაც ყველა ფერმერი დღეს საქართველოში ვერ აკმაყოფილებს. ვისაც აქვს დანერგილი - ეს უფრო დიდ კომპანიებს ეხება - ყველა ის სტანდარტი, რაც საჭიროა და აუცილებელია ევროპის ბაზარზე დასამკვიდრებლად, დღესაც ახორციელებს პროდუქციის ექსპორტს... ევროპა არ იქნება პრობლემა მომავალში, უფრო მეტი რაოდენობა გავა შემდეგ წელს, ეს მხოლოდ და მხოლოდ ხარისხის გაუმჯობესების ხარჯზე მოხდება", - განმარტავს ბიზნესის წარმომადგენელი.
მისივე შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო სხვადასხვა მხარდამჭერ პროგრამებს ახორციელებს, ბიზნესს უფრო მეტად სპეციფიკური და პრაქტიკული დახმარება სჭირდება - მაგალითად, საშუალო ზომის ბაღებისთვის სამაცივრე სისტემების მოწყობა და კვალიფიციური საკონსულტაციო მომსახურების ხელმისაწვდომობა.




























