მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოწვევას პასუხობს რუსთავში ახალდაარსებული სტარტაპი „სანტი“?

64c1098c6de90
სალომე ხიდურელი
26.07.23 20:15
1992
რამდენიმე თვეა, ქართულ ბაზარზე ახალი სტარტაპი ამოქმედდა, რომელიც ქალაქ რუსთავის მაცხოვრებლებს სრულ ლანდშაფტურ მომსახურებას სთავაზობს. ამ თემაზე BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ „სანტის“ თანადამფუძნებელი გიგი ტაბაღუა საუბრობს.

„რუსთავის მაცხოვრებლებს სრულ ლანდშაფტურ მომსახურებას, კერძოდ, საკუთრებაში არსებული მიწების სრულ განაშენიანებას, მოვლა-პატრონობას, დაგეგმვასა და დასუფთავებას ვთავაზობთ“, - აღნიშნავს ტაბაღუა.

მისი თქმით, რუსთავში ამ დრომდე მსგავსი სერვისი არ არსებობდა, რის გამოც, 5 ადამიანისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა ბიზნეს-გეგმის შედგენა საკუთარ თავზე აიღო და ინვესტიციის მოძიებაც დაიწყო.

„აგრო-ინჟინერიის სტუდენტი ვარ და ბავშვობიდან მაინტერესებდა და მომწონდა ეს მიმართულებები. რუსთავში ხშირად სვამდნენ კითხვას, თუ იყო მსგავსი მომსახურება, რომ დაეგეგმარებინათ ეზოები, დაესუფთავებინათ, გაეშენებინათ და მე და ჩემმა მეგობრებმა გამოვთქვით სურვილი, თავად შეგვექმნა ბიზნეს გეგმა.

ფინანსების მოძიების ეტაპზე, რუსთავიდან ინვესტორებამდე ხმის მიწვდენა გაგვიჭირდა. თუმცა TBC ბანკი ოპერატიულად დაგვიკავშირდა და დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი სტარტაპის ჩამოყალიბებაში. გარკვეული პერიოდი მხოლოდ საკუთარი ინვენტარით ვმუშაობდით, თუმცა TBC-ს დღემდე დიდი წვლილი შეაქვს ჩვენთვის დამხმარე აგრიგატებისა და ტრანსპორტის უზრუნველყოფაში“, - ამბობს „სანტის“ თანადამფუძნებელი.

ტაბაღუას განმარტებით, რუსთავში „სანტის“ სერვისებზე ყველაზე მაღალი მოთხოვნა კერძო სახლების მფლობელებისგან მოდის და რამდენიმე ათეულ პროექტს უკვე უხელმძღვანელეს, თუმცა, იმის გამო, რომ ლანდშაფტურ სამუშაოებს სეზონურობა არ ახასიათებს, ნავარაუდებია, რომ ეს მაჩვენებელი 2-3-ჯერ გაიზრდება.

რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს, სტარტაპერის თქმით, „სანტის“ მთავარი ინტერესი რუსთავში მათ სერვისებზე მოთხოვნისა და ინტერესის ზრდაა, შემდეგ ეტაპზე კი კომპანია მზადაა, ქალაქის კეთილმოწყობაზეც იზრუნოს.

„აქტიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია სამშენებლო კომპანიებთან და იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე თვეში, მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით, ჩვენს პატარა ინიციატივებს წარვუდგენთ თვითმმართველობას და ჩვენს წვლილს შევიტანთ ქალაქის გალამაზებასა და განაშენიანებაში“, - აცხადებს გიგი ტაბაღუა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები