მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოწვევების წინაშე დგანან ნუშის მწარმოებლები?

64b791a348c28
ლიკა გურაბანიძე
22.07.23 20:00
1179
საქართველოში ფერმერები ნუშის ბაღების გაშენებით ინტერესდებიან და წლიდან-წლამდე მოსავალსაც ზრდიან, თუმცა, როგორც ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის დამფუძნებელი თორნიკე ლათათია აცხადებს კომპანიები გამოწვევების წინაშე მაინც დგანან, რაც საწარმოო სიმძლავრეების ნაკლებობას უკავშირდება, ეს კი განსაკუთრებით მოსავლის აღება-გადამუშავების პროცესში მწვავედ იგრძნობა.

“წელს პირველად ვდგავართ ფაქტის წინაშე, როდესაც დიდი მოცულობის მოსავალი უნდა ავიღოთ. აღნიშნულ სამუშაოებს სასაწყობე მეურნეობა სჭირდება, სადაც პროდუქციის შენახვა გატეხავ მდგომარეობაში მოხდება და იქ ტემპერატურული რეჟიმი შენარჩუნებული იქნება, რათა ნაყოფი არ გაფუჭდეს. ასევე გამოწვევაა ის, რომ ეს პროდუქცია აუცილებლად უნდა გადამუშავდეს, რათა მისი რეალიზაცია ან ადგილობრივ ბაზარზე, ან ექსპორტზე მოხდეს. დღეს საქართველოში ერთი ან ორი საწარმო გვაქვს, რომელიც ფუნქციურია და იმ რაოდენობის ნუშის გადამუშავება, რაც ქვეყანაში არსებობს ამჟამინდელი საწარმოების რესურსით რთული იქნება, რადგან ნუშის აღება ერთ პერიოდში ხდება და აბსოლუტურად ყველა ფერმერს ის გამოწვევა აქვს, რომ ამ ნუშის დასაწყობების პრობლემა ექმნება. ქვეყანაში სასაწყობე მეურნეობები იმ დონეზე განვითარებული არ არის, რომ ყველა ფერმერის მოსავალი ერთდროულად დასაწყობდეს და გადამუშავდეს. ამ ჯაჭვში პრობლემა იქმნება.” - აღნიშნა ლათათიამ.

ნუშის მწარმოებელი და გადამამუშავებელი კომპანიები პრობლემებს შორის სარეალიზაციო ბაზრებსაც ასახელებენ. მაგალითად, “აგრო პორტის” თანადამფუძნებელი საბა პაპაშვილი განმარტავს, რომ მიმდინარე წელს 15 ტონა გაუხეხავი ნუშის მოსავალს ელოდებიან. მისთვის ამ ეტაპზე უცნობია სად გაიტანს კომპანია ნუშს ექსპორტზე და რა იქნება მისი ღირებულება. მისი აზრით, ამის მოგვარებაში კი მონაწილეობა კომპანიებთან ერთად აქტიურად სახელმწიფომაც უნდა მიიღოს.

“ქართული ნუშის სარეალიზაციო ბაზრებზე და ფასზე გადაწყვეტილება კომპლექსურად უნდა იქნეს მიღებული, სადაც ფერმერებიც და სახელმწიფოც აქტიურად ჩართულები ჩაერთვებიან. ფერმერების ინფორმირება უნდა ხდებოდეს და ამ საკითხზე გადაწყვეტილებები ორგანიზებულად უნდა მიიღებოდეს. დღევანდელი მდგომარეობით წარმოდგენა არ გვაქვს, სად შეიძლება მოხდეს მიღებული ნუშის მოსავლის რეალიზება და რა შეიძლება იყოს მისი ღირებულება.” - განაცხადა საბა პაპაშვილმა.

სარეალიზაციო ბაზრების ათვისებაზე და გადამუშავების პრობლემებზე საუბრობს ფერმერი გია ჯავრიშვილიც, რომელიც 35 ჰექტარზე გაშენებულ ნუშის ბაღებს ფლობს, საიდანაც წელს 10 ტონა მოსავალს ელოდება. ის მიმდინარე წელს, მოსავლიანობით კმაყოფილი არ არის და დადებით პროგნოზებსაც არ აკეთებს. მისი თქმით, სექტორში სახელმწიფოს ჩართულობა მნიშვნელოვანია.

“სახელმწიფო ჩვენს მიერ მიღებული პროდუქციის რეალიზებაში უნდა დაგვეხმაროს. პირველი ნაწილი მიწის დამუშავება, ნერგების და სასუქების შეძენა იყო და ამ ყველაფერში სახელმწიფოსგან ჩვენ მივიღეთ ფინანსური დახმარება. დღეს, როდესაც უკვე მოსავალს ვიღებთ საჭიროა მისი გადამუშავება და სარეალიზაციო ბაზრებზე გატანა. გარდა ამისა, პრობლემაა ნუშის გადამუშავებაც, რამდენიმე საწარმო რომ არსებობდეს, მაგალითად, ერთი ქართლში, ერთი კახეთში, სადაც ჩვენ ნუშს გავხეხავდით ეს ჩვენთვის ძალიან კარგი იქნებოდა. ამისი გაკეთება სახელმწიფოს შეუძლია”. - განმარტა გია ჯავრიშვილმა.

ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, წელს ფერმერები სავარაუდოდ 3 500-დან 4000 ტონამდე გაუტეხავი ნუშის მოსავალს მიიღებენ და წინა წლის მაჩვენებელს თითქმის გააორმაგებენ. ნუშის ექსპორტისთვის სამიზნე ქვეყნებია ევროპა, გაერთიანებული სამეფო, ასევე მეზობელი ქვეყნები, როგორიცაა აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი. ნუშის მოსავლის აღება აგვისტოს ბოლოდან იწყება და სექტემბერში სრულდება. რაც შეეხება 2023 წლის ნუშის სარეალიზაციო ფასს, ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციაში წინასწარ ფასების პროგნოზირება უჭირთ და ზუსტ ღირებულებაზე საუბარს მოსავლის აღების პროცესში შეძლებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები