მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოწვევების წინაშე დგანან ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიები საქართველოში - Spilow

5f7470c182312
ვიქტორია მღებრიშვილი
30.09.20 22:30
1664
ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და ექსპორტის დროს სათანადო სერტიფიკატების არ ქონა - BM.GE-სთან ამ გამოწვევებზე საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია Spilow-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი სოფიო ჩხაიძე საუბრობს.

მისი თქმით, პანდემიის პირობებში კომპანიებისთვის ბიზნესის გადარჩენა სულ უფრო რთულდება, ამიტომ გარემო უნდა იყოს ისეთი, რომ მცირე და საშუალო კომპანიებმა განვითარება შეძლონ.

„მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უმთავრეს გამოწვევას ფინანსებზე ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. ახლა უკვე „აწარმოე საქართველომ“ ახალი საგრანტო პროგრამა გაუშვა და ძალიან გვინდა რომ ვისარგებლოთ, იმიტომ რომ ასეთი კრიზისის პირობებში მცირე ბიზნესისთვის გადარჩენა ძალიან რთულია.

მეორე და ასევე უმნიშვნელოვანესი სირთულე ჩვენთვის ადგილობრივ ბაზარზე ნედლეულის არ არსებობაა, რის გამოც ვერ ხერხდება საჭირო სერტიფიკატების მიღება. საქართველოში როდესაც ტექსტილის წარმოებაში ხარ, ყველანაირი ნედლეული იმპორტირებული გაქვს, რაც ევრო 1-ის სერტიფიკატის აღების პრობლემებს გვიქმნის. მაგალითისთვის, როდესაც ჩვენ გვიკვეთავს პროდუქტს იტალია ან გერმანია, ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, ამ პროდუქტს განბაჟება არ უნდა უწევდევს, მაგრამ რადგან ჩვენ ნედლეულს ძირითადად თურქეთიდან ვიღებთ, ხოლო თურქეთიდან იმპორტირებული საქონლით წარმოებულ პროდუქტზე სერტიფიკატის გაცემა ვერ ხერხდება, დამკვეთებს უწევთ განბაჟების თანხების გადახდა, რაც მათთვის დამატებით ხარჯს წარმოადგენს“, - აცხადებს სოფიო ჩხაიძე.

Spilow-ს დირექტორი ამბობს, რომ ევროპის ბაზარზე შესვლა ადგილობრივი წარმოებებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ზედმეტი გაუგებრობები ამ კუთხით არ უნდა არსებობდეს.

„სერტიფიკატთან დაკავშირებული სირთულეები შესაძლოა არ აფერხებს თანამშრომლობას, თუმცა დამკვეთების მხრიდან უკმაყოფილებას აჩენს, რაც უხერხულ მდგომარეობაში გვაყენებს“, – აღნიშნავს საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელი.

სოფიო ჩხაიძე მათი პრობლემების მოგვარებაში სახელმწიფოს ჩართულობას აუცილებლად მიიჩნევს:

„საკმაოდ დიდი ექსპორტი მიდის ზოგადად ტექსტილის მიმართულებით, ამიტომ კარგი იქნება თუ სახელმწიფო ამ პრობლემის დროულად გადაწყვეტაში დაგვეხმარება“.

შეგახსენებთ, რომ საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია Spilow-ს პროდუქცია ევროპის ბაზარზე 2020 წლის გაზაფხულზე შევიდა. დღეს კომპანიამ გერმანიაში, იტალიასა და საფრანგეთში პროდუქციის კიდევ ერთი სატესტო პარტია გაგზავნა, რომელიც ადგილობრივ მაღაზიებში გაიყიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები