მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა განაპირობებს ამერიკული დოლარის სიმყარეს?

დოლარი

მიმდინარე წლის ივლისიდან მოყოლებული ამერიკული დოლარი გამყარების ტენდენციას ინარჩუნებს. დოლარის სიმყარის განმსაზღვრელი ინდექსის მოცულობა ამ პერიოდში თითქმის 7%-ით გაიზარდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დოლარის უცხოური ვალუტების საერთო კალათასთან მიმართებით მკვეთრად გამყარდა.

მართალია, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ინდექსის მოცულობა 1.5 პუნქტითაა შემცირებული, თუმცა DXY-ს მაჩვენებელი ისევ არსებითად აჭარბებს მიმდინარე წლის მედიანურ მაჩვენებელს.

დოლარის სიმყარეს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კი ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის მიერ გამკაცრებული პოლიტიკაა. მოგეხსენებათ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში FED-მა რეფინანსირების განაკვეთი 5.5%-იან ნიშნულამდე გაზარდა, რაც ამერიკული სტანდარტებით უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელია.

რეფინანსირების განაკვეთის ზრდა საერთაშორისო ინვესტორებს თანხის ამერიკულ ვალუტაში დაბანდებისკენ უბიძგებს, რადგან ინვესტიციის განხორციელების სანაცვლოდ ისინი ამერიკული ობლიგაციებიდან და სადეპოზიტო სერტიფიკატებიდან უფრო მაღალ პერიოდულ სარგებელს მიიღებენ, ვიდრე ეს სხვა ქვეყნების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

მართალია, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების სტრატეგიაზე ევროპის, კანადის, ავსტრალიის, და ინგლისის ცენტრალური ბანკებიც გადაერთვნენ, თუმცა აშშ-ის ფედერალური რეზერვი რეფინანსირების განაკვეთის ზრდის განსაკუთრებული სიხისტით გამოირჩეოდა.

მეორე ფაქტორი სამომავლო მოლოდინებთანაა დაკავშირებული, FED-ის ხელმძღვანელის, ჯერომ პაუელის განცხადებით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა იქამდე შენარჩუნდება, სანამ ინფლაციის პრობლემა აშშ-ში სრულად არ დაიძლევა. გაზრდილი განაკვეთები კი, როგორც გითხარით, დოლარის სიმყარეზე პოზიტიურად აისახება.

ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ქვეყნის ეკონომიკა ჯერაც არ შესულა რეცესიაში, უმსხვილესი კომპანიები მაინც ახერხებენ მაღალი შემოსავლების გენერირებას და სამუშაო ადგილები ისევ მდგრადად იქმნება, რაც FED-ს მეტი სიმკაცრის გამოჩენის უფლებას აძლევს.

რაც შეეხება დოლარის კურსს ლართან მიმართებით. უკვე ორ კვირაზე მეტია გაცვლითი კურსი 2.67-ის დიაპაზონში მერყეობს, რასაც ძირითადად ადგილობრივი ფაქტორები განაპირობებს, მათ შორის, საქართველოს ეროვნულ ბანკში მომხდარი ცვლილებები.  

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები