მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა განაპირობებს ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობის დაბალ მოცულობებს - ET SYNERGY-ის შეფასება

მერაბ ლომინაძე

ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლების შეფასებით, ენერგეტიკულ ბირჟაზე შედარებით ნაკლებ აქტივობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს.

საქმე ისაა, რომ 2025 წელს ენერგეტიკულ ბირჟაზე 129,753.8 მგვტ.სთ-ის მოცულობის ელექტროენერგია ივაჭრეს, რაც 2024 წელთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია. თუმცა ეს მოცულობა ქვეყნის საერთო ენერგომოხმარების დაახლოებით მხოლოდ 1%-ს შეადგენს. ამასთან, 2025 წლის მეოთხე კვარტალში ბირჟაზე ვაჭრობა საერთოდ არ ყოფილა.

როგორც ET SYNERGY-ის დამფუძნებელი BMG-სთან აცხადებს, ერთ-ერთი ფაქტორი ისაა, რომ ხშირად ორმხრივი ხელშეკრულებების ფარგლებში კომპანიები უფრო ხელსაყრელ ფასად ყიდულობენ ელექტროენერგიას, ვიდრე მათ ბირჟის პლატფორმა სთავაზობთ.

ამასთან, მერაბ ლომინაძის თქმით, გენერაციის ობიექტებისთვის გამოწვევაა საათობრივ ჭრილში გამომუშავების პროგნოზირება, რის გამოც ბირჟაზე მიწოდება მოთხოვნას ჩამორჩება.

“პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ენერგეტიკული ბირჟა არის ის გარდაუვალი მექანიზმი, რითაც საბოლოო ჯამში საქართველოში უნდა მოხდეს ელექტროენერგიით ვაჭრობა. ამ ეტაპზე მოქმედებს ბირჟის გარდამავალი მოდელი და მე თავის დროზეც ვაცხადებდი და დღესაც ამ აზრზე ვრჩები, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გვეცადა, რომ ასეთი შერეული მოდელი გვენახა, როგორ იმუშავებდა საქართველოში. თუმცა, სამწუხაროდ, ვერ მივიღეთ ის ეფექტი, რომელიც უნდა მიგვეღო. აქედან გამომდინარე, ალბათ უპრიანი იქნება, რომ მოვიფიქროთ ახალი გზები, განვსაზღვროთ უკეთესი გზა, თუ როგორ მივაღწევთ იმ სასურველ შედეგს, როდესაც მოხდება ამ სექტორში ბაზრის დერეგულირება და სრულად ამოქმედდება ბირჟა.

რაც შეეხება მიზეზებს, თუ რატომ არ ამოქმედდა დღეს ბირჟა [აქტიურად] და რატომ ვერ გამოიღო ის შედეგი, რომელიც ჩვენ ასე გვინდა ყველას. რამდენიმე მიზეზია. პირველ რიგში, ეს გახლავთ ის, რომ ალტერნატიული ვაჭრობის საშუალებები და პლატფორმები, რომელიც არსებობს საქართველოში, არის შედარებით უმტკივნეულო და ნაკლებად ხარჯიანი, როგორც მომხმარებლისთვის, ასევე გენერაციის ობიექტისთვის. აქედან გამომდინარე, ბიზნესი ისედაც მაღალი ფასების პირობებში ირჩევს იმ გზას და იმ პლატფორმას, სადაც დაიზოგება გარკვეული თანხები.

სხვადასხვა მოტივაცია გააჩნია ერთ მხარეს და მეორე მხარეს. მომხმარებლის თვალსაზრისით, ბირჟაზე ოპერირება დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან, დამატებით ხარჯებთან შედარებით იმ პლატფორმებთან, რომელიც დღეს არსებობს, მათ შორის პირდაპირ ხელშეკრულებებთან. თუ შევადარებთ ამ ორ პლატფორმას, პირდაპირი ხელშეკრულებებით დაზოგილი თანხა რამდენიმე ათეულით უფრო მეტია, ვიდრე წარმოდგენილი [ბირჟაზე დაზოგილი] 2 მილიონი ლარი. აქედან გამომდინარე, ბიზნესი ირჩევს იმ პლატფორმას, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით უფრო მისაღები და იაფია მისთვის.

რაც შეეხება გენერაციის ობიექტებს, გენერაციის ობიექტების თვალსაზრისით აქაც დამატებით ხარჯებთან გვაქვს საქმე, ოღონდ უკვე ადმინისტრირების ნაწილში. იგულისხმება ის, რომ გენერაციის ობიექტებს უწევთ საათობრივი პროგნოზირება ოპერირების, რაც მათთვის არის სიახლე, მათთვის არის დამატებითი წნეხი. თუმცაღა ამის გარეშე ისინი მომავალშიც ვერ მოახერხებენ ბირჟაზე გამოსვლას. აქედან გამომდინარე, ეს პერიოდი იყო ძალიან კარგი ვადა იმისთვის, რომ მომზადებულიყვნენ. 2027 წელი არის გაჟღერებული ბირჟის [სრულად] ამოქმედების პერიოდად და ამ დროისთვის ისინი უნდა ყოფილიყვნენ მზად. თუმცა, სამწუხაროდ, მე ამ მზაობას მათში ვერ ვხედავ”, - განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

ცნობისთვის, ბოლო გადავადებით, ენერგეტიკულ ბირჟას გარდამავალი მოდელით 2025 წლის 1 ივლისამდე უნდა ემუშავა, თუმცა რეფორმა მთავრობამ ამჯერად 2027 წლამდე გადაავადა. გარდამავალ მოდელში ბირჟაზე ვაჭრობა ხდება საათობრივი პროდუქტებით, ხოლო საბალანსო ელექტროენერგიისთვის საანგარიშო პერიოდია თვე. სრულყოფილად ამოქმედების პირობებში დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე მოხდება საათობრივი პროდუქტებით ვაჭრობა, ასევე ამოქმედდება საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები