დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში სასურსათო პროდუქციაზე ფასების ზრდა, მიღმა გლობალურ ბაზარზე არსებული ტენდენციებისა, ძირითადად, სავაჭრო ქსელების მხრიდან წლის დასაწყისში განახლებულ კონტრაქტებს და მიმწოდებლებისთვის გადასახადების ზრდას უკავშირდება.
როგორც BMG-ის ასოციაციის თავმჯდომარემ, ლაშა რიჟამაძემ ინფლაციის მაჩვენებლის შეფასებისას, განუცხადა, განახლებული სახელშეკრულებო პირობები ეტაპობრივად საბოლოო პროდუქციის ფასზე აისახა.
მისივე თქმით, თუკი გლობალურ ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იქნება, ამ ეტაპზე სურსათზე ფასების შემდგომი ზრდა მოსალოდნელი აღარაა.
“გარდა საერთაშორისო ბაზრებზე პროდუქციის ფასების ცვლილებისა და ლოგისტიკური ხარჯებისა, სურსათზე ფასების ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ქსელურ მარკეტებთან ხელშეკრულებების განახლების პროცესია. ის დამატებითი გადასახადები, რომელსაც მაღაზიები მიმწოდებლებს, ადგილობრივ მწარმოებლებს თუ სადისტრიბუციო კომპანიებს უწესებენ. როგორც ჩვენ გასულ თვეებშიც აღვნიშნავდით, ხელშეკრულებების განახლებისთანავე ეტაპობრივად მოხდებოდა ამის [ფასებზე].ვინაიდან უკვე ძირითად პროდუქციაზე უკვე განახლებულია ხელშეკრულებები, ფასებიც შესაბამისად უკვე გაზრდილია. მოსახლეობა და მომხმარებელი არ უნდა ელოდეს დამატებით ფასის ცვლას და ზრდას უახლოეს პერიოდში, თუკი რაიმე დამატებითი სხვა გარემოება არ წარმოიშვა ისეთი, როგორიც მაგალითად, საერთაშორისო ბაზარზე ფასის ცვლილება ან ტრანსპორტირების ხარჯის ზრდაა”, - განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.
ცნობისთვის, აგვისტოში ინფლაციის ტემპი დაჩქარდა და წლიური ინფლაცია 4.6%-მდე გაიზარდა. ეს ბოლო ორი წლის განმავლობაში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საქსტატის მონაცემებით, ინფლაციის მატება ძირითადად სურსათის გაზრდილმა ფასებმა განაპირობა, ამ ჯგუფში ფასები ჯამურად წლიურად 10%-ით არის მომატებული.




























