საქართველოში ირანის ელჩი ალი მოჯანი აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. დიპლომატის თქმით, უწყებაში საუბარი რეგიონულ უსაფრთხოებასა და ორმხრივ ურთიერთობებს შეეხო.
როგორც ელჩი სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ანალიზსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შედეგების განხილვას დაეთმო.
მისი დიპლომატის მტკიცებით, რეგიონში არსებული ვითარება აჩვენებს, რომ ირანის „თავდაცვა ეფექტურია“, ხოლო ის ქვეყნები, რომელთა ბაზებსაც აშშ იყენებდა, საკუთარ მიდგომებს გადახედავენ. მისივე თქმით, რეგიონული უსაფრთხოება თანამშრომლობის შედეგია და არა „საგარეო კონკურენციის გაფართოების“.
bm.ge პოსტს უცვლელად გთავაზობთ
„დღეს, ბოლო მოვლენების ანალიზისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების შედეგების განხილვის მიზნით, ჯერ დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე. შედგა კონსტრუქციული საუბარი სპარსეთის ყურის ვითარების, ენერგეტიკის მომავლის, ორი ერისა და ორი ქვეყნის მრავალათასწლოვანი მეგობრული ურთიერთობების შესახებ, რომელიც მოიცავდა მნიშვნელოვან საკითხებს.
ირანი ზეწოლის პირისპირ არ მოქმედებს ნაჩქარევად, არამედ ეყრდნობა შიდა სტაბილურობასა და საკუთარ სტრატეგიულ შესაძლებლობებს.
ზედაპირული და მედიასაშუალებების ინტერპრეტაციებისგან განსხვავებით, დღეს ნათლად ჩანს, რომ ირანის ყოვლისმომცველი თავდაცვა ერთთვიანი პერიოდის შემდეგ ეფექტურია. მრავალი ქვეყანა, რომლის ბაზებსაც აშშ იყენებდა, უკვე იწყებს საკუთარი გათვლებისა და მიდგომების გადახედვას.
ბოლო წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ დიდი ძალების ინტერვენციული პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს მდგრად უსაფრთხოებას და ვერ იძლევა ეკონომიკური სტაბილურობის გარანტიას.
რეალობა მარტივია: რეგიონული უსაფრთხოება თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების შედეგია და არა ძვირადღირებული საგარეო კონკურენციის გაფართოებისა“, – წერს ირანის ელჩი ფეისბუქზე.
ალი მოჯანის აღნიშნულ შეხვედრას წინ უძღოდა მისივე განცხადება, რომელიც 31 მარტს გავრცელდა. მაშინ ელჩმა აღნიშნა, რომ რეგიონული კრიზისის შედეგებისგან "დაცული არცერთი ქვეყანა არ არის".
უცნობია, უკავშირდებოდა თუ არა ელჩის პოსტი მანამდე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა.
BM.GE უკვე დაუკავშირდა საგარეო საქმეთა სამინისტროს და მასალა პასუხის შემთხვევაში განახლდება.




























