მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა განიხილეს ეკონომიკის მინისტრთან ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლებმა?

მაია მელიქიძე

ეკონომიკის მინისტრი ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლებს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, განიხილეს ენერგეტიკის დარგის განვითარების პოლიტიკა, განახლებულ მიზნები და ამოცანები, დაგროვილი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.

ღონისძიება „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა სახელმწიფო უწყებების და კერძო კომპანიების ხელმძღვანელებმა მიიღეს დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად. როგორც GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე bm.ge-სთან აღნიშნავს ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს და ასევე მიიღეს დაპირება, რომ მსგავსი შეხვედრები გაგრძელდება.

"შეხვედრა დაგეგმილზე მეტ ხანს გაგრძელდა, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანი თემების განხილვა მოხდა. ბოლო წლების განმავლობაში დაგროვილი გამოწვევების, პრობლემების, სირთულეების გადალახვის მიზნით ბევრი კითხვა იყო, ბევრი საკითხი იყო დაყენებული კერძო სექტორის მხრიდან, ვინაიდან საჭიროებს ძალიან სიღრმისეულად შესწავლას, გაანალიზებას და შემდეგ უკვე სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. ძირითადად ეს საკითხები ეხებოდა პირველ და მეორე CFD აუქციონებს, პირდაპირი მოლაპარაკებების გზით ხელშეკრულებათა გაფორმების პროცესს, ამასთანავე მიერთებასთან დაკავშირებულ თემებს, ტარიფებს, ექსპორტთან დაკავშირებულ საკითხებს, კონკრეტულ ქეისებს, ცნობიერების ამაღლებას საზოგადოებაში ენერგეტიკასთან მიმართებით. ამასთანავე მსხვილი ჰესების მშენებლობის თემებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მარეგულირებელი ჰესების მშენებლობის თემებს, მზის პროექტებს. აგრეთვე იმას, რომ ძალიან დაბალი არის კვალიფიციური და კომპეტენტური კადრების რაოდენობა სექტორში და ვფიქრობთ, რომ ერთობლივი ძალებით კერძო სექტორმა და სახელმწიფომ უნდა ვიმუშაოთ, რათა ტექნიკური უნივერსიტეტის ჩართვით თუ სხვადასხვა სემინარ-ტრენინგების საშუალებით გავზარდოთ კადრები ენერგეტიკის მიმართულებით. ასევე საუბარი იყო ზოგადად ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიასთან მიმართებაში, ენერგოუსაფრთხოებაზე, ენერგოდამოუკიდებლობაზე, იმაზე, რომ საქართველოში პირველად წელს მოხდა, როდესაც აგვისტოს თვეში თბოსადგურები იყო ჩართული, ვახორციელებდით ამის პარალელურად იმპორტს და იმპორტი მოგეხსენებათ ნიშნავს უზარმაზარი თანხის გასვლას უცხოურ ვალუტაში ქვეყნის გარეთ.

კერძო სექტორი მიესალმება იმას, რომ უკვე დაახლოებით რამდენიმე თვეზე მეტია აქტიურად მუშაობს სახელმწიფო სტრუქტურები. აქ არ იყო მხოლოდ სამინისტრო წარმოდგენილი, იყო ესკო, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, მათ შორის საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, სემეკი, ანუ მთელი სპექტრი და ეს სისტემური დამოკიდებულება და ამასთანავე ჩვენი თხოვნა იყო ერთი ფანჯრის პრინციპის ჩამოყალიბება, რომ ბიუროკრატიული მაჩვენებელი იყოს მინიმუმამდე დაყვანილი. ჩვენ მივიღეთ კონკრეტული პასუხები, რომ სისტემურად უნდა მოხდეს ამ პრობლემების მოგვარება და არ უნდა არსებობდეს ეგრეთ წოდებული პრივილეგირებული პროექტები. უნდა იყოს გამჭვირვალე, მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი თამაშის წესები და ყველასთვის ერთი და იგივე.

მივიღეთ პირობა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი შეხვედრა და ამას ექნება პერმანენტული ხასიათი, დაახლოებით ორ-სამ თვეში ერთხელ მოხდება ხოლმე შეკრება და ამ საკითხების განხილვა, რაც აწუხებს კერძო სექტორს და იმ შედეგების გაზიარება, რაც შეხვედრებს შორის განხორციელდება",- ამბობს მაია მელიქიძე.

მისივე ინფორმაციით, კერძო სექტორი კვლავ ითხოვს მესამე CFD აუქციონის ჩატარებას.

"კერძო სექტორი ითხოვს ამას, სახელმწიფო ჩამოყალიბდება რას, როგორ გააკეთებს. ამ ეტაპისთვის ეს არის კერძო სექტორის მოთხოვნა",- აღნიშნა მაია მელიქიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები