მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გადამწყვეტი იქნება, დარგის ხელშეწყობა კონკურენტუნარიანი პირობებით მოხდეს - GREDA ეკონომიკის განვითარების კორპორაციაზე

მელიქიძე

განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის [GREDA] აღმასრულებელი დირექტორის თქმით, “ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ შექმნას ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლები დაფინანსების ახალ შესაძლებლობად განიხილავენ.

როგორც BMG-სთან მაია მელიქიძე ამბობს, დღეს ენერგეტიკის დარგისთვის დაფინანსების მექანიზმს წარმოადგენს როგორც საბანკო კრედიტი, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული სახსრები.

მელიქიძე აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით დარგისთვის ახალ საფინანსო ინსტიტუტთან დაკავშირებული დეტალები უცნობია, თუმცა მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესისთვის დაფინანსება დღეს ბაზარზე არსებულ რესურსზე უფრო უკეთესი პირობებით იყოს ხელმისაწვდომი.

“[ეკონომიკის განვითარების] კორპორაციას განვიხილავთ უფრო შესაძლებლობად, უფრო კარგად უნდა იყოს გამიჯნული და ჩამოყალიბებული, რა სტანდარტები აქვს ამ კორპორაციას იმისთვის, რომ ინვესტორმა მიიღოს სარგებელი. დღეს გვაქვს ასეთი მოცემულობა, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მართალია გასცემენ დაბალპროცენტიან სესხებს, მაგრამ იმდენად ბევრი მოთხოვნა აქვთ, რომ ძალიან ბევრ კომპანიას უჭირს ამ ტიპის პროდუქტით სარგებლობა.

რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, მათ მხრიდან, რა თქმა უნდა, არის შეთავაზებული პროდუქტი და ძირითადად კერძო სექტორის წარმომადგენლები სწორედაც კომერციული ბანკების მიერ შეთავაზებული პროდუქტებით სარგებლობენ. თუმცა გადამწყვეტი იქნება, რომ ხელშეწყობა უზრუნველყოფილი იყოს უფრო უკეთესი და კონკურენტუნარიანი პირობებით, რომ ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებმა მიიღონ სარგებელი ამ კორპორაციიდან. კონკრეტულად, რა ტიპის სარგებელზე არის საუბარი, ბუნებრივია ფინანსურზე, მაგრამ რა სტანდარტები უნდა იყოს დაკმაყოფილებული, ამის შესახებ უახლოეს პერიოდში ველოდებით ჩვენ ინფორმაციას”, - განაცხადა მაია მელიქიძემ.

ცნობისთვის, მთავრობა ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით „აწარმოე საქართველოს“ ბაზაზე ახალ ინსტიტუციას ქმნის. თუმცა მისი სახელი არა „ეკონომიკის განვითარების ბანკი“ იქნება, როგორც წლის დასაწყისში გახდა ცნობილი, არამედ „ეკონომიკის განვითარების კორპორაცია“ ეწოდება.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „აწარმოე საქართველოს“ ბაზაზე შექმნილი ახალი ინსტიტუცია საქართველოს განვითარების ფონდის ფუნქციებსაც შეითავსებს. ის აქცენტს კონკრეტულ დარგებზე გააკეთებს, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ერთ-ერთი ასეთი სექტორი ენერგეტიკა იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები