მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა განიხილეს უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამებზე მომუშავე სპეცჯგუფის პირველი შეხვედრაზე?

განათლების სამინისტრო

განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია ხელმძღვანელობით უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამებზე მომუშავე სპეციალური სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან გაიმართა. განათლების სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სპეცჯგუფთან შეხვედრა უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში შედგა.

"შეხვედრის მონაწილეებმა საგანმანათლებლო პროგრამების დადარებისა და მილევად რეჟიმში განსახორციელებელი პროგრამების ადმინისტრირების საკითხები განიხილეს.

როგორც ზვიად გაბისონიამ აღნიშნა, სპეციალური სამუშაო ჯგუფის მთავარი ამოცანაა, რომ პროცესები მაქსიმალურად ეფექტიანად, უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციასთან სრული თანხვედრით წარიმართოს", - წერია პრესრელიზში, თუმცა დაკონკრეტებული არ არის რომელ პროგრამებს შეეხება მილევადი რეჟიმი.

შეგახსენებთ, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების 29 იანვარს გაცხადებული გადაწყვეტილება, ორივე უნივერსიტეტის პროტესტის, განათლების სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრების ფონზე, საბოლოოდ ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლების პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ შეიცვალა და ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ორი უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდებოდა. თუმცა სტუ-ს წარმომადგენლებთან შეხვედრისას მიღწეული შეთანხმება მოიცავდა ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად გარდაქმნის გადაწყვეტილებას. რაც იმას ნიშნავს, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალში მხოლოდ ის დისციპლინები დარჩება, რომელიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა. ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზე, რომლებიც 1990-იან წლებამდე არ შედიოდა ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში. ამგვარად, ტექნიკური პროფილის არმქონე სასწავლო პროგრამები ტექნიკურ უნივერსიტეტში მომდევნო ორი წლის განმავლობაში დარჩება მილევად რეჟიმში.

განათლების მინისტრი განცხადებით კი ცნობილი გახდა, რომ კონკრეტული უნივერსიტეტების იმ შენობების პრივატიზება მოხდება, რომელთა საჭიროებაც არ იქნება.

"ოცნების" მთავრობაში განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, 10 თებერვლიდან სამინისტროში მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით სპეციალური სამუშაო ჯგუფი ამუშავდებოდა. მისი მთავარი ამოცანა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის მაქსიმალური შენარჩუნება და რესურსების სწორად გადანაწილება იქნება. მინისტრის განმარტებით, სამუშაო ჯგუფში უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც იქნებიან ჩართულები. ჯგუფმა უნდა განსაზღვროს, როგორ წარიმართოს მილევადი რეჟიმი ისე, რომ პროცესი რეფორმის კონცეფციას შეესაბამებოდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები