მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა განსხვავებებია საქართველოსა და უზბეკეთის საბანკო სექტორებს შორის - ნიკა ქურდიანის შეფასება

TBC Uzbekistan

TBC უზბეკეთის გენერალური დირექტორის განცხადებით, საქართველოსა და უზბეკეთის საბანკო სექტორებს შორის ბევრი განსხვავებაა.

როგორც ნიკა ქურდიანი BMG-სთან ინტერვიუში აცხადებს, უზბეკეთის ბაზარი შედარებით ნაკლებად კონცენტრირებულია და უფრო მეტი მოთამაშითაა წარმოდგენილი. თუმცა მისი შეფასებით, გაციფრულების ნაწილში საქართველო უზბეკეთის საბანკო სექტორზე წინაა.

TBC უზბეკეთის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ასევე მნიშვნელოვანი განსხვავებაა პოტენციურ მომხმარებლების ნაწილშიც, რადგან უზბეკეთის მოსახლეობა 38 მილიონს აღწევს.

“პირველ რიგში, ის უნდა ვთქვათ, რომ თუ საქართველოს საბანკო ბაზარი გამოირჩევა TOP ორი-სამი მოთამაშით, სადაც ორს ბაზრის დაახლოებით 80% აქვს, უზბეკეთში ასეთი მდგომარეობა არაა. უზბეკეთში არის 33 ბანკი, საიდანაც ყველაზე დიდ ბანკს დაახლოებით 10% აქვს. ამიტომ საკმაოდ სეგრეგირებულია ბაზარი სხვადასხვა საბანკო მოთამაშეებში. მეორე მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ფაქტორი არის ის, რომ უზბეკეთის ბაზრის 60% სახელმწიფო მფლობელობაში მყოფ ბანკებს ეკუთვნის, რაც საქართველოში საერთოდ არ გვაქვს. ამ ბანკებს სხვადასხვა მიზნობრიობა აქვთ, სხვადასხვა სექტორის მხარდაჭერაა მათი მისია. შესაბამისად, სახელმწიფო თავის პროგრამებს ამ ბანკების მეშვეობით ატარებს.

მესამე - ეს არის მოსახლეობის რაოდენობა. როდესაც 38-40 მილიონი კაცი არის ქვეყანაში, თავისი მიგრანტებიც რომ დავუმატოთ, ეს აბსოლუტურად განსხვავებულ გარემოს ქმნის. შესაბამისად, ბევრი რამე ხდება შესაძლებელი, თუნდაც გაციფრულების ასეთი ტრენდი. საქართველოში ბანკები ძირითადად ფილიალების მეშვეობით და ციფრული არხების მეშვეობით [ოპერირებენ]. უზბეკეთში საბანკო სექტორი ძირითადად ფილიალებშია. ჩვენ ვართ ერთ-ერთი, ვიტყოდი, ერთადერთი ამ ზომის ციფრული საბანკო აპლიკაცია. შესაბამისად, ამ ტრენდში საქართველო წინ უსწრებს, ჩემი აზრით, უზბეკეთს. მეორეს მხრივ, რამდენადაც სწორად მახსოვს, უზბეკეთში სახელმწიფო სერვისების გაციფრულება საკმაოდ მაღალია, გასაკვირად მაღალი. ამ კონტექსტში, მე მგონი, უზბეკეთი ცოტათი უსწრებს საქართველოს. ამიტომ ვიტყოდი, რომ საკმაოდ განსხვავებულია ეს ორი ბაზარი.

მენტალიტეტის კონტექსტში ძალიან ჰგავს უზბეკი ხალხი საქართველოს, იმიტომ რომ წარსული გვაქვს საკმაოდ საერთო. მეორეს მხრივ, უზბეკეთის განვითარების დონე ალბათ რამდენიმე წლით ჩამორჩება საქართველოს განვითარების დონეს, თუმცა უზბეკეთიც ძალიან სწრაფად ვითარდება. ქვეყნის ეკონომიკა საშუალოდ 6-7%-ით იზრდებოდა გასული წლების განმავლობაში. ამბობენ, რომ ეს ტემპი დარჩება მომავალი წლების განმავლობაშიც.

ბოლოს, რაც ძალიან განსხვავებულია საქართველოსგან, ეს არის, უზბეკეთის მოსახლეობა ყოველ წელს იზრდება. შარშან, მაგალითად, 1 მილიონი ადამიანით გაიზარდა, რაც, ჩემი აზრით, მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური ფაქტია. უზბეკეთი, როგორც ქვეყანა, ყოველ წელს, საშუალო ასაკის მხრივ, ახალგაზრდავდება. მსოფლიოში ბევრი ქვეყანა არაა, რომელშიც შეიძლება იგივე რამე შევამჩნიოთ. აქედან გამომდინარე, ვიტყოდი, რომ მაინც ძალიან განსხვავებული ბაზარია და ძირითადში ახლებურად გვიწევს რაღაცების კეთება”, - განაცხადა ნიკა ქურდიანმა.

ცნობისთვის, „თიბისი“ უზბეკეთის ბაზარზე 5 წელია ოპერირებს. TBC უზბეკეთის მომხმარებელთა რაოდენობა ამ დროისთვის 22 მილიონს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები