გასული კვირის ბოლოს რუსეთმა გადამუშავებული ნავთობპროდუქტების ექსპორტი აკრძალა. რუსეთის მთავრობის განმარტებით, მიღებული გადაწყვეტილება ადგილობრივ ბაზარზე საავტომობილო საწვავის დეფიციტით არის განპირობებული, რაც ფასების მატებას იწვევს. რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ შეზღუდვა დროებითი ხასიათისაა და შექმნილია ქვეყნის შიგნით საავტომობილო საწვავის მიწოდების გაზრდისთვის, რამაც შესაძლოა, ფასების დამატებითი შემცირება გამოიწვიოს.
უკრაინაში ომის დაწყებამდე საქართველო საწვავის უდიდეს ნაწილს ევროკავშირის ქვეყნებისგან - რუმინეთისა და ბულგარეთიდან ყიდულობდა, თუმცა შედარებით დაბალი ფასის გამო 2022 წლიდან ბაზარი რუსულ ნავთობზე გადაეწყო. მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველომ $716 მილიონი დოლარის ღირებულის 917 ათასი ტონა ნავთობპროდუქტები შეიძინა, საიდანაც 68% რუსულ საწვავზე მოდის.
კერძოდ, საქართველომ რუსეთიდან $435 მილიონი დოლარის ღირებულების 623 ათასი ტონა ნავთობი იყიდა. ჩამონათვალში მეორე ადგილზეა რუმინეთი - 100 მილიონი დოლარით, 116,833 ტონით, რომელსაც მოჰყვება აზერბაიჯანი - 53 ათასი ტონით, თურქმენეთი - 49 ათასით და ხუთეულს ასრულებს თურქეთი - 12 ათასი ტონით.
რა გავლენას იქონიებს ადგილობრივ ბაზარზე რუსეთის გადაწყვეტილება?
სტუმარი: დავით კეშელავა - ISET-ის მაკროეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე;