მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა ექნება „რუსულ კანონს“ ჯანდაცვაზე - ქეთევან ჩხატარაშვილის მოსაზრება

ქეთევან ჩხარტიშვილი

ჯანდაცვის სპეციალისტის, ქეთევან ჩხატარაშვილის შეფასებით, „რუსული კანონის“ ამოქმედების შედეგად მნიშვნელოვანი პროგრამები, რომლებიც უცხოური დაფინანსებით და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით ხორციელდება შეჩერდება.

BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ საუბრისას მან კონკრეტულ მაგალითებად C ჰეპატიტის და შიდსის ელიმინაციის პროგრამები დაასახელა.

„ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც დღესაც მიმდინარეობს, დაფინანსებულია საერთაშორისო პარტნიორების და ორგანიზაციების მიერ. ჰიპოთეტურ სიტუაციას ვხსნი, მაგრამ ეს რეალური საფრთხეა. ბევრს რომ ვლაპარაკობთ C ჰეპატიტის ელიმინაციაზე, ეს პროგრამა თავიდან ბოლომდე ამერიკის ერთ-ერთი კერძო კომპანიის თანხებით იყო დაფინანსებული და რომ არა ეს დახმარება, ეს პროექტი არ იარსებებდა. არსებობს შიდსის პროგრამა, რომელსაც ასევე საერთაშორისო ორგანიზაცია აფინანსებს. პროგრამის განმახორციელებელთა უმრავლესობა არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომლებიც სპეციფიკურ ჯგუფებთან მუშაობენ. რომ არა ეს ორგანიზაციები, ეს ადამიანები მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი სერვისების მიღებას ვერ შეძლებდნენ და ქვეყანაში ვერ მოხდებოდა პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, რათა არ მოხდეს შიდსის გავრცელება. თუ წარმოვიდგენთ სიტუაციას, რომ კანონი ძალაში შევიდა, სავარაუდოდ, არც ერთი ის ორგანიზაცია, რომელიც ამას ახორციელებს არ დარეგისტრირდება და შეწყვეტს ფუნქციონირებას. შედეგად მივიღებთ საკმაოდ დიდი რაოდენობის მოსახლეობას, რომელიც დარჩება მათთვის საჭირო ელემენტარული სერვისის გარეშე. აქვე მინდა ყველას შევახსენო, რომ C ჰეპატიტის და შიდსის გადაცემის გზები პრაქტიკულად ერთი და იგივეა. შიდსი საქართველოში იმ მასშტაბით არ გავრცელდა რა მასშტაბითაც C ჰეპატიტი იყო მხოლოდ იმიტომ, რომ შიდსის პრევენციაზე ძალიან ბევრი წელია ჩვენი პარტნიორები მუშაობენ და აფინანსებენ შესაბამის ღონისძიებებს“,- აღნიშნა ქეთევან ჩხატარაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე დგას რისკი, რომ ქვეყანა ჯანდაცვაში კადრებს დაკარგავს.

„ისედაც არ გვაქვს მაინც და მაინც კარგი მდგომარეობა ადამიანური რესურსის კუთხით ჯანდაცვის სისტემაში და საერთოდ შანსი გვაქვს, რომ კვალიფიცირებული ექიმის გარეშე დავრჩეთ. ეს ბავშვები [მედიცინის სტუდენტები] თავის გზას იპოვიან, წავლენ, მაგრამ მერე რა ეშველება ქვეყანას ესაა საქმე“, - აღნიშნა ჯანდაცვის სპეციალისტმა.

მისივე შეფასებით, არ იყო სათანადოდ გაანალიზებული, რომ კანონი დააზიანებდა არაერთ ორგანიზაციას, რომელიც სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, მოხუცებულებს, შშმ პირებს დიდ დახმარებას უწევს.

„შთაბეჭდილება მრჩება, რომ მორგებული იყო კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და არ იყო გაანალიზებული, თუ რამხელა ჯარია ორგანიზაციების, რომლებიც მოსახლეობას ძალიან მნიშვნელოვან სერვისებს აწვდიან. არავის უფიქრია, მათი გაქრობა რას გამოიწვევდა მოსახლეობისთვის“,- ამბობს ქეთევან ჩხატარაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები