მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

[გუშინდელი აქცია] აჩვენებს, რამდენად საჭიროა ვიცოდეთ, ვინ აფინანსებს NGO-ებს - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გუშინდელმა აქციამ აჩვენა, რამდენად საჭიროა რუსული კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ. მისი თქმით, საზოგადოებამ დღემდე არ იცის, ვინ აფინანსებს რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს, თუმცა გუშინდელი აქციიდან გამოჩნდა, რომ მათი “სულის ჩამდგმელი” "ნაციონალური მოძრაობაა".

“ამ აქციებმა, მისმა ორგანიზატორებმა და მათმა გაუმჭვირვალობამ დაგვანახა [რუსული] კანონის საჭიროება. დღემდე არ ვიცით, ის ტექნიკური აღჭურვილობა ვისი დაფინანსებულია, ან ის NGO-ები, რომლებიც ამბობენ, რომ აქციის ორგანიზატორები იყვნენ, ვისგან არიან დაფინანსებული.

საბოლოო ჯამში, ჩვენ ვნახეთ, ვინც არიან სინამდვილეში აქციის ორგანიზატორები - ესენი არიან ნაციონალური მოძრაობა. ისინი იდგნენ ბოლოს ტრიბუნასთან და ისინი არიან სულის ჩამდგმელი ამგვარი პროპაგანდისა, ამ კანონის წინააღმდეგ. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, რომ NGO-ების ეს ნაწილი გახდა ნაციონალური მოძრაობის ნაწილი”, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღევანდელ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარე აქციის ერთ-ერთი სპიკერის, რატი ამაღლობელის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც გუშინ ტრიბუნებიდან მთავრობას მოუწოდა, 1 საათის განმავლობაში, რუსული კანონის გატანასთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადება გაევრცელებინათ.

პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ამაღლობელის NGO დანიისა და ნიდერლანდების საელჩოებიდან ფინანსდება, რის გამოც ეს ქვეყნები აქციის მონაწილეებს უნდა გაემიჯნონ და თავიანთი დაფინანსების მიზნები განმარტონ.

“ერთ საათიანი ვადაც კი დაგვითქვა, ერთ-ერთი NGO-ს ხელმძღვანელმა, რომელიც დანიისა და ნიდერლანდების საელჩოდან ფინანსდება. მგონი ამ საელჩოებმაც უნდა დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, ეს არის მიზანი მათი დაფინანსებისა?! რომ ულტიმატუმები წამოუყენონ ქართველი ხალხის წარმომადგენლობთ ორგანოს, რა კანონი მიიღოს და რა კანონი - არა?! ეს ვადა რომ გავიდა, იგივე NGO-ს ხელმძღვანელმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა, კანცელარიისკენ გადაადგილებულიყვნენ და ამით, ფაქტობრივად, წაიყვანა აქციის ეს ნაწილი შესაძლო ძალადობრივი ქმედებისკენ.

ამიტომ მნიშვნელოვანია, სწორედ ახლა, ნიდერლანდები, დანია და სხვა ორგანიზაციების დამფინანსებლები, ამ NGO-ებს გაემიჯნონ, რადგან მათი დაფინანსებული ორგანიზაციები გუშინ ულტიმატუმს უყენებდნენ საქართველოს პარლამენტს და მცდელობა ჰქონდათ, მშვიდობიანი აქცია გადაეზარდათ ისეთ აქციად, რომელიც გასცდებოდა მშვიდობის ფარგლებს”, - ამბობს პაპუაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ ისაუბრა რუსული კანონის საჭიროებაზე და აღნიშნა, რომ გამჭვირვალობის შემთხვევაში, საზოგადოებას ეცოდინება, ვინ დგას კონკრეტული ორგანიზაციების უკან.

“[გუშინდელი აქცია] აჩვენებს, რამდენად საჭიროა ვიცოდეთ, ზუსტად ვინ დგას ამ ორგანიზაციების დაფინანსების უკან. ამას ორი ეფექტი ექნება: ერთი ის, რომ საზოგადოებას ეცოდინება, კონკრეტული ორგანიზაციები ვინ არიან - მათგან რამდენიმეს დამფინანსებლები საზოგადოებამ ისედაც იცის, მაგრამ ისეთებიც არიან, რომელთა დამფინანსებლებიც არ ვიცით; და მეორე, როდესაც დონორს ეცოდინება, რომ მისი დაფინანსება არის გამჭვირვალე, ის მეტად პასუხისმგებლიანი იქნება, რას აკეთებს მისი დაფინანსებული ორგანიზაცია. ყველა ქმედებასთან დაკავშირებით უნდა ვიცოდეთ მათი შეფასება და პოზიცია, ემიჯნებიან თუ არა მათ მიერ დაფინანსებული NGO-ების მხრიდან პარლამენტისთვის ულტიმატუმის დაყენებას და შესაძლო ძალადობას”, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები